ახალი ამბებისაზოგადოება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა”: ცესკომ საარჩევნო კოდექსი დაარღვია

26 აგვისტო, 2016 •
“საერთაშორისო გამჭვირვალობა”: ცესკომ საარჩევნო კოდექსი დაარღვია

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 24 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნევს და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ცესკოს 24 აგვსიტოს დადგენილებით, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომერი, რომელიც მათ ბოლო საერთო ადგილობრივი არჩევნებისთვის მიენიჭათ. ორგანიზაციის აზრით, ცესკოს გადაწყვეტილება საქართველოს საარჩევნო კოდექსისგან განსხვავებულად დარეგულირდა, რაც, მათი თქმით, საარჩევნო კოდექსის დარღვევად უნდა ჩაითვალოს.

“მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნებისა, ასევე 6 ოლქში, დანიშნულია გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ხოლო 7 ადგილობრივ ერთმანდატიან ოლქში – საკრებულოს არჩევნები. სამი განსხვავებული არჩევნების ერთ დღეს გამართვა იწვევს გარკვეულ საკანონმდებლო ბუნდოვანებას” – ნათქვამია განცხადებაში.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტის რიგითი ნომერი არჩევნების დღემდე არაუადრეს 36-ე და არაუგვიანეს 30-ე დღისა წილისყრით უნდა განისაზღვროს. ერთადერთი კანონით დაშვებული გამონაკლისი იმ სამ პარტიას ეხება, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული წესით ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს. წინა საპარლამენტო არჩევნებში პირველ სამ ადგილზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს კანონი ანიჭებს უფლებას, შემდგომ არჩევნებზეც იმავე რიგითი ნომრით ისარგებლონ. ხოლო, რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს, კანონი რიგითი ნომრის მინიჭებისას შემდეგ რეგულაციებს ითვალისწინებს:

“პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა მინიჭებული, რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. დანარჩენი სუბიექტების რიგითი ნომრები წილისყრით გამოვლინდება” – ვკითხულობთ საქართველოს საარჩევნო კოდექსში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თქმით, საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ არეგულირებს თვითმმართველობის ორგანოების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნების დროს რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურას:

“ცესკოს დადგენილების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო რიგითი ნომრების მინიჭება დამოკიდებული ხდება წინა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ, როდესაც საარჩევნო კოდექსით მსგავსი წინაპირობა გათვალისწინებული არ არის და, გარდა საპარლამენტო არჩევნებზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიისა, ყველა დანარჩენ პარტიას რიგითი ნომერი წილისყრით ენიჭება. ასევე, დადგენილებით, წინა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის უკვე 24 აგვისტოდან არის ცნობილი მათი საარჩევნო რიგითი ნომერი, მაშინ, როდესაც დანარჩენი პარტიები ამას საუკეთესო შემთხვევაში 8 სექტემბერს შეიტყობენ. საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავს უთანასწორო მიდგომას” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აზრით, მიუხედავად დადგენილაბში არსებული პუნქტისა, რომ იმ პარტიებს, რომლებსაც რიგითი ნომერი წილისყრის გარეშე ამ დადგენილების საფუძველზე მიენიჭათ, იქამდე ვერ გამოიყენებენ წინასაარჩევნო კამპანიაში, სანამ ყველა დანარჩენი პარტია არ შეიწყობს საკუთარ რიგით ნომერს წილისყრის შედეგად, დადგენილება მაინც არღვევს თანაბრობის პრინციპს, რადგან ორგანიზაციის თქმით, ბუნდოვანია, თუ რა სანქცია შეიძლება მოჰყვეს ამ მოთხოვნის დაუცველობას:

“მიგვაჩნია, რომ ცესკომ აღნიშნულ დადგენილებაში უნდა შეიტანოს ცვლილება, ან გამოსცეს ახალი დადგენილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება საარჩევნო კოდექსთან. ჩვენი აზრით, წინა საპარლამენტო არჩევნებში პირველ სამ ადგილზე გასული პოლიტიკური გაერთიანებების გარდა, ყველა პარტიისთვის ნომრების მინიჭება უნდა მოხდეს ერთხელ ჩატარებული წილისყრით, ხოლო ცესკოს დადგენილებით პოლიტიკურ გაერთიანებებს/საარჩევნო სუბიექტებს უნდა მიეცეთ იმის უფლება, რომ ამ წილისყრით მინიჭებული ნომერი გამოიყენონ 8 ოქტომბერს გასამართი, როგორც მორიგი საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის შუალედური არჩევნებისთვის” – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი