საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2016 წლის არჩევნებში, პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც 2014 წელს გამართულ თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობდნენ, იმავე ნომრით ისარგებლებენ. დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს კი რიგითი ნომერი არჩევნებში მონაწილეობისთვის წილისყრის შემდეგ მიენიჭებათ, რომელიც 2 დან 8 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.
იმ პარტიებს შორის, რომელსაც ცესკომ ის ნომერი შეუნარჩუნა, რომლითაც თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ, არიან “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება”, “ახალი მემარჯვენეები”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ლეიბორისტები”, “დემოკრატიული მოძრაობა” და სხვა პარტიები.
გადაწყვეტილებას კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ “რესპუბლიკელები”. პარტიის წევრის, დეპუტატ თამარ ხიდაშელის თქმით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლი განსაზღვრავს პოლიტიკური სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის წილისყრით მინიჭების საკითხს და ერთადერთი კანონით დაშვებული გამონაკლისი იმ პირველი სამი პარტიისთვის ნომრის მინიჭებაა, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვეს. ხიდაშელი ამბობს, რომ ცესკოს გადაწყვეტილებას “რესპუბლიკელები” სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ჟურნალისტების კითხვებს მოგვიანებით ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძემ უპასუხა. შარაბიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო და თვითმმართველობების არცევნებზე, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს იმართება, პოლიტიკურ სუბიექტებს ერთ არჩევნებში ერთი, ხოლო მეორეში მეორე ნომერი ექნებოდათ, ამომრჩეველში დაბნეულობას გამოიწვევდა. შარაბიძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა იმ გარემოებით, რომ კანონმდებლობა არ არეგულირებს აღნიშნულ ნორმებს და მიიღო დადგენილება, რომელიც თანახმადაც აღნიშნულ პარტიებს ვისაც ეს დადგენილება ეხება, ენიჭებათ უფლებამოსილება ყველა სახის არჩევნებში ჰქონდეთ ერთი და იგივე ნომერი.
გარდა ამისა, ცესკოს დადგენილების თანახმად, იმ 23-მდე პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში იმავე ნომრით სარგებლობას, რაც 2014 წლის თვითმმართველობების არჩევნებში ჰქონდათ, მას შემდეგ შეძლებენ, რაც დანარჩენ პარტიებსაც მიენიჭებათ რიგითი ნომრები წილისტრის გზით:
“ცესკომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტთან ერთად არჩევნებამდე არაუმეტეს 36-ე დღისა, როდესაც შესაძლებელია მიღებულ იქნას გსდაწყვეტილება სხვა სუბიექტებისთვის წილისყრით ნომრების განაწილების თაობაზე” – განმარტა გიორგი შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.