ახალი ამბები

Pussy Riot-ის წევრებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

20 აპრილი, 2012 •
Pussy Riot-ის წევრებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

რუსეთის ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფის Pussy Riot-ის წევრებს, რომლებიც ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებულნი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობის ვადა 24 ივნისამდე გაუხანგრძლივეს.

დაკავებულები და ადვოკატები სასამართლოსგან მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სასამართლოს შენობის წინ კი Pussy Riot-ის დაკავებული წევრების მხარდასაჭერად რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, სასამართლოს შენობის წინ მივიდნენ მოწინააღმდეგეებიც. მათ შორის გამართული შეხლა-შემოხლის შედეგად შეკრებილთა ნაწილი სამართალდამცავებმა დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.

Pussy Riot-ის წევრები – ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი მოსკოვში, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 21 თებერვალს მოწყობილი სკანდალური აქციის გამო დააკავეს, რის გამოც მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. კერძოდ, მათ ტაძარში მოაწყვეს შოუ და შეასრულეს სიმღერა, სახელწოდებით – “Богородица, Путина прогони”. ამ აქციამ ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.

გამომძიებელმა სასამართლო პროცესზე, რომელიც გუშინ გაიმართა, განაცხადა, რომ დაკავებულებს, მათი გათავისუფლების შემთხვევაში, საფრთხე ემუქრებათ. მისი თქმით, “შეურაცხყოფილი მორწმუნეები ითხოვენ მათ მკაცრად დასჯას”, რაზეც ერთ-ერთმა დაკავებულმა მარია ალიოხინამ უპასუხა, რომ “მსგავსი მცდელობა, რომ დაიცვან ის მორმუწნეებისგან, 37-იან წლებში დაბრუნებაა”.

დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოსაც მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი