რუსეთის ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფის Pussy Riot-ის წევრებს, რომლებიც ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებულნი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობის ვადა 24 ივნისამდე გაუხანგრძლივეს.
დაკავებულები და ადვოკატები სასამართლოსგან მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სასამართლოს შენობის წინ კი Pussy Riot-ის დაკავებული წევრების მხარდასაჭერად რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, სასამართლოს შენობის წინ მივიდნენ მოწინააღმდეგეებიც. მათ შორის გამართული შეხლა-შემოხლის შედეგად შეკრებილთა ნაწილი სამართალდამცავებმა დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.
Pussy Riot-ის წევრები – ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი მოსკოვში, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 21 თებერვალს მოწყობილი სკანდალური აქციის გამო დააკავეს, რის გამოც მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. კერძოდ, მათ ტაძარში მოაწყვეს შოუ და შეასრულეს სიმღერა, სახელწოდებით – “Богородица, Путина прогони”.
გამომძიებელმა სასამართლო პროცესზე, რომელიც გუშინ გაიმართა, განაცხადა, რომ დაკავებულებს, მათი გათავისუფლების შემთხვევაში, საფრთხე ემუქრებათ. მისი თქმით, “შეურაცხყოფილი მორწმუნეები ითხოვენ მათ მკაცრად დასჯას”, რაზეც ერთ-ერთმა დაკავებულმა მარია ალიოხინამ უპასუხა, რომ “მსგავსი მცდელობა, რომ დაიცვან ის მორმუწნეებისგან, 37-იან წლებში დაბრუნებაა”.
დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოსაც მიმართავენ.
