ახალი ამბები

ნარმანია ხეების ჭრის საკითხზე სასაუბროდ საკრებულოში 26 აგვისტოს მივა

24 აგვისტო, 2016 • 1414
ნარმანია ხეების ჭრის საკითხზე სასაუბროდ საკრებულოში 26 აგვისტოს მივა

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერი საკრებულოში გამწვანების საკითხებზე 26 აგვისტოს ისაუბრებს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

„დედაქალაქის საკრებულოში გაიგზავნა ჩემი ხელმოწერით წერილი, რომლის საფუძველზეც მე პარასკევს წარვდგები დედაქალაქის საკრებულოს წინაშე იმ საკითხებით, რაზეც დღეს გვექნება საუბარი, რაზეც შევჯერდებით და რომლის რაციონალური ნაწილიც იქნება მომავალში გათვალისწინებული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, გამწვანების პოლიტიკა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქსა და მის შემოგარენში 560 000 ხე დაირგო.

20 აგვისტოს, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოცხადდა, – 10 დღის განმავლობაში ხეების ჭრა დროებით შეაჩერა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ნარმანიას გადაწყვეტილება საზოგადოების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესის და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხილვის საჭიროებით იყო გამოწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი