ეკოლოგიის სამსახურის რეორგანიზაციის მოთხოვნით თბილისის საკრებულოსა და მერიას მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ჯგუფი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესა და თბილისის მერს ეკოლგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის თხოვნით მიმართავენ.

წერილში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია; დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით, ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქალაქის გარემოს მდგომარეობის სრულფასოვან მონიტორინგზე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებაზე, გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას ქალაქის გარემოსდაცვითი ინტერესების გატარებაზე.

ხელისმომწერები ითხოვენ, რომ რომ 2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ყველა დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს.

მათი მოთხოვნაა ასევე, რომ გატარდეს ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს  დედაქალაქში შენობა-ნაგებობების მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ადრეულ და სრულფასოვან მონაწილეობას.

წერილს ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: “მწვანე ალტერნატივა”, “საჯარო სივრცის ინიციატივა”
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, მოქალაეების გაერთიანება “პარტიზანული მებაღეობა თბილისში”, მოქალაქეები: ნინო გამისონია, მარიამ თოთოსაშვილი, კახა ბრეგვაძე, ცოტნე გამსახურდია, სალომე ჟორჟოლიანი.

მიმართვის დაწერა განაპირობა 2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“  ტერიტორიაზე, რამოდენიმე ხის მოჭრამ, რასაც მოჰყვა “პარტიზანი მებაღეების“ პერმანენტული შიმშილობა თბილისის მერიასთან.

წერილის ხელის მომწერები მიიჩნევენ, რომ  დედაქალაქის მერიაში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებას, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას.

მათი აზრით, არსებულ მდგომარეობა შექმნა ბოლო ათწლეულის სახელმწიფო პოლიტიკამ, რომლის შედეგად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად დასუსტდა და ზოგ შემთხვევაში, საერთოდ მოისპო გარემოსდაცვითი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com