ახალი ამბები

ჯანელიძე ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებას ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლით ხსნის

24 აგვისტო, 2016 • 1297
ჯანელიძე ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებას ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლით ხსნის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით ცვლილებების ჩაწერა ანტიდასავლური ნარატივის დამარცხებას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ 24 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აგვისტოს 200 000 მოქალაქის ხელმოწერით მხარდაჭერილი რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უკვე თქვა. 24 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არგუმენტებს არ იზიარებს და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქორწინება კონსტიტუციაშიც განისაზღვრება, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირი.

“ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ ის ნარატივი, რომელიც ხელს უწყობს ანტიდასავლურ პროპაგანდას და პირველ რიგში, უკავშირებს ჩვენ დასავლურ ინტეგრაციას, ჩვენი გარკვეული ტრადიციების თუ ხედვების ცვლილებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საკითხი დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით და არც ერთი ჩვენი ხელშეკრულებით თუ არც ერთი ჩვენი შეთანხმებით საქართველოს არ ევალება. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არ გულისხმობს ამ პოლიტიკის ცვლილებას. ამიტომ, რომ დამთავრდეს და მაქსიმალურად შევეწინააღმდეგოთ იმ პროპაგანდას, რომელიც უკავშირებს ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას, ასეთი ტიპის საკითხებს, ამისათვის მიზანშეწონილია, რომ ასეთ ნაბიჯები გადაიდგას,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

სარეფერენდუმო წინადადება, რომელიც ცესკომ 12 ივნისს გაატარა რეგისტრაციაში, შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი