ნეტგაზეთი | უნდა დავადგინოთ, რა მიზნები ჰქონდა მოწინააღმდეგეს – ალასანია გაზსადენის შესაძლო აფეთქებაზე უნდა დავადგინოთ, რა მიზნები ჰქონდა მოწინააღმდეგეს – ალასანია გაზსადენის შესაძლო აფეთქებაზე – Netgazeti
RU | GE  

უნდა დავადგინოთ, რა მიზნები ჰქონდა მოწინააღმდეგეს – ალასანია გაზსადენის შესაძლო აფეთქებაზე

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა,  “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა “ირაკლი ალასანიამ” 23 აგვისტოს კომენტარი გააკეთა გაზსადენზე შესაძლო ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

“ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშნველოვანი იყო, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა გამოავლინეს ამგვარი დანაშაული. ერთი შეხედვით, როგორც იკვეთება, სერიოზული საბოტაჟი მზადდებოდა” – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.  მისი თქმით, ახლა, როცა დანაშაული აღკვეთილია, მთავარია გაირკვეს, ვინ დგას მომხდარის უკან:

“მე იმ წამსვე გამახსენდა ყირიმში მომხდარი ფაქტი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს  სამალავი და მზადდებოდა ტერორისტული აქტები და ძალიან ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით ეს იყო ერთგვარი წინასწარი მზადება საკუთრი აგრესიული ნაბიჯების გასამართლებლად. აქაც ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდიოთ იმას, თუ რა მოხდა და არ მივცეთ არავის მიზეზი, რომ საქართველოს დააბრალოს ან უუნარობა,  ან საკუთარი სუვერენიტეტის ვერ კონტროლი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ მთელი სპეცსამსახურები იქით უნდა იყოს მიმართული, რომ გამოავლინოს შემკვეთი. გამოავლინონ ის, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან ” – უთხრა ალასანიამ ჟურნალისტებს.

ალასანიას თქმით, საჭიროა კონტრტერორისტული სამსახურების თანამშრომლობის გაძლიერება რეგიონში არსებული სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან, თუმცა ამას დამატებითი რესურსები სჭირდება:

“ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ რაც შეიძლება დამატებითი რესურსები უნდა გამოიყოს სპეციალური სტრუქტურებისთვის. გავათავისუფლოთ სპეცსამსახურები პოლიტიკური დიქტატისგან. აღარ უნდა იყენებდნენ სპეცსამსახურებს პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის” – ამბობს ალასანია.

რაც შეეხება ერთ-ერთი ბრალდებულის უკრაინასთან შესაძლო კავშირს, ალასანიას თქმით, მსგავსი თემებით წინასწარი სპეკულირება ცუდი შედეგის მომტანი იქნება და ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რასაც მისი აზრით, დრო დასჭირდება.

“მე, როგორც ადამიანი, რომელიც ვმუშაობდი უშიშროების სამინისტროში, ვიყავი მინისტრის პირველი მოადგილე, ვკურირებდი ტერორიზმს, ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას სჭირდება დრო, მაგრამ მთავარი არის, რომ აღკვეთილია დანაშაული, როგორც ჩანს. ახლა უნდა დავადგინოთ, რა მიზნები ჰქონდა  მოწინააღმდეგეს. ეს, ბუნებრივია, არ არის აქტი, რომელიც ლოკალურად, ჩემი წარმოდგენით, რაღაც გარკვეული ჯგუფის, ორგანიზებული ჯგუფის  თავში თავისთავად მოვიდოდა, ეს არის მიზანმიმართული, გარკვეულ ამოცანას ემსახურება, რომელიც ხელყოფს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ამიტომ დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გუშინ, 22 აგვისტოს სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ადამიანი დააკავა მილსადენზე ტერაქტის ჯგუფურად ორგანიზების, 1 – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და 1 – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.