ახალი ამბები

ISFED: სააკაშვილი კანონსაწინააღმდეგოდ აგრძელებს ენმ-ს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას

23 აგვისტო, 2016 • 1243
ISFED: სააკაშვილი კანონსაწინააღმდეგოდ აგრძელებს ენმ-ს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას

ISFED საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ აგიტაციაში მონაწილეობის უფლების არმქონე პირებს მოუწოდებს შეასრულონ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა და არ ჩაერთონ წინასაარჩევნო აგიტაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში არსებულ დარღვევებზეც საუბრობს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დაკვირვების პერიოდში დარღვევა დაფიქსირდა სიღნაღში, ოზურგეთსა და ბათუმში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სიღნაღში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნატო უსენაშვილი კვლავ აგრძელებს წინასაარჩევნო აგიტაციას პარტიის და პარტიის კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის სასარგებლოდ. ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ოზურგეთის მერიის თანამშრომლები სამუშაო საათებში სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალებს ავრცელებენ.

ოზურგეთში გომისთობის დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა შსს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომელიც 26 ივლისს ქალაქ ოზურგეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ქართული ოცნების” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ორგანიზაციისათვის უცნობია, ზუსტად რა სტატუსით ესწრებოდა თალაკვაძე ღონისძიებას.

ორგანიზაცია ცალკე გამოყოფს ასევე მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო აგიტაციაში, რომელიც უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა. 31 ივლისს ბათუმში ენმ-მ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოთი მიმართა და მისი მიმართვა შეიცავდა აგიტაციის ნიშნებს.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ასევე 2016 წლის 11 ივლისს მარნეულში და 14 ივლისს ახალქალაქში, რის შესახებაც “სამართლიანი არჩევნები” პირველ შუალედურ ანგარიშში წერდა. რადგან მიხეილ სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, მასზე, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ვრცელდება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით “სამართლიანმა არჩევნებმა” საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა და მოითხოვა, აგიტაციაში არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობის სამართალდარღვევაზე რეაგირება მოეხდინა. საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება, ვინაიდან უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას ჩადენილი სამართალდარღვევის გამო.

თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსში აგიტაციის ცნების განმარტებას.

“ცესკომ არასწორად განმარტა კანონი და პრაქტიკულად განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის არყოფნის გამო ის ვერ მოახდენდა ამ კანონის დარღვევას. რაც წარმოადგენს არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის წახალისებას,” – აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი