ახალი ამბები

ადვოკატის ცნობით, გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულს თავის ქალა აქვს დაზიანებული

22 აგვისტო, 2016 • 1273
ადვოკატის ცნობით, გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულს თავის ქალა აქვს დაზიანებული

ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის, ბ. ბ-ს ადვოკატი და ნათესავი აცხადებენ, რომ ბრალდებული სასტიკად არის ნაცემი. მათივე განცხადებით, ბ. ბ. ამბობს, რომ იგი დაკავებისას სცემეს.

ბ. ბ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს.

ადვოკატის ცნობით, ბ. ბ-მ აღიარებითი ჩვენება მისცა. მას გამოძიება სსსკ-ს 323 პრიმა მუხლითა და 323-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.

“ახლა ვიყავი საავადმყოფოში. საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, თავის ქალა აქვს ჩამტვრეული. შეიძლება წუთი-წუთზე იპერაციაზე ჰყავდეთ შეყვანილი,”- განაცხადა თბილსის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა მაია კოპალეიშვილმა.

ბ. ბ-ს დეიდა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ იგი ყოფილი სამხედრო იყო და მასთან კონტაქტი დაახლოებით 1 წელია არ ჰქონია.

“როგორ ვიფიქრებდი, გინდაც დაკავების დროს, გინდაც აღიარების დროს, ასეთ დღეში ჩააგდებდნენ. ყველაფერი თავის თავზე აიღო. თუ დამნაშავეა, დაისაჯოს, მაგრამ მანამდე მივა კი?”- ამბობს ბ. ბ-ს  დეიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი