ახალი ამბები

თამარ ჟვანია: საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება კანონის ფარგლებში მიმდინარეობს

22 აგვისტო, 2016 • 1816
თამარ ჟვანია: საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება კანონის ფარგლებში მიმდინარეობს

დღეს, 22 აგვისტოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გამოეხმაურა თავისუფალი დემოკრატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს შესაძლო  წინასწარი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიების ქართული ოცნების აქტივისტებით დაკომპლექტების შესახებ.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სუბიექტების მოსაზრებები და გარემოებები ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული. თამარ ჟვანია ამბობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში:

“დღესაც მიმდინარეობს არჩევნები რამდენიმე ოლქში. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არის გამჭვირვალე და ყველას შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ვისაც აქვს უფლებამოსილება. ამავდროულად, ჩვენი ინფორმაციით, იმ ოლქებში, სადაც დასრულდა არჩევნები, აირჩნენ გამოცდილი ადამიანები; მათ, ვისაც წინა რამდენიმე არჩევნები საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ ჩატარებული. ასევე, აირჩნენ საარჩევნო განვბითარების სკოლის კურსდამთავრებულები, ახალგაზრდები. შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს პროცესის გამჭვირვალობას და როგორც კი დასრულდება პროცესი, აუცილებლად საარჩევნო ადმინისტრაცია გაასაჯაროებს ყველა იმ შედეგს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შედეგად დადგა. გავრცელებული მოსაზრებები [ქართული ოცნების აქტივისტებით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება წინასწარი სიების მიხედვით] არ არის დადასტურებული. პროცესი არის გამჭვირვალე და შედეგები არჩეულ პირთა შესახებ ასევე იქნება გამჭვირვალე,” – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პოლიტიკურ სუბიექტებს და სხვა ჩართულ მხარეებს, “ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესის კანონიერ ჩარჩოებში წარმართვას, არ დაუშვან კომისიის საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტები, რომლებიც ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა, არ გააკეთონ ისეთი შეფასებები, რომლებიც არ ემყარება ფაქტობრივ მასალებსა და გარემოებებს და რომელმაც შესაძლოა დამაზიანებლად იმოქმედოს პროცესის სანდოობაზე.”

22 აგვისტოს საუბნო საარჩევნო კომისიების ქართული ოცნების აქტივისტებით წინასწარი სიების მიხედვით შესაძლო დაკომპლექტების შესახებ განცხადებები გაავრცელეს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “სამართლიანმა არჩევნებმა“. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა შეარჩიონ პროფესიონალიზმის და სააპლიკაციო განაცხადების შესაბამისობის საფუძველზე, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენებისგან გამორიცხვის გზით.

თავისუფალმა დემოკრატებმა ამასთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში 19 და 21 აგვისტოს ორი ბრიფინგი გამართეს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს გამოიყენეოს არა მარტო ადმინისტრაციული რესურსი, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსიც წარმატების მისაღწევად. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული. თავისუფალი დემოკრატების გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიების წინასწარი სიების მიხედვით ქართული ოცნების აქტივისტებით შესაძლო დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევა 19 აგვისტოდან დაიწყო, რომელიც კანონის თანახმად, 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი