ახალი ამბები

დავით ნარმანიას თბილისის საკრებულოში იბარებენ

22 აგვისტო, 2016 • 1512
დავით ნარმანიას თბილისის საკრებულოში იბარებენ

დღეს, 22 აგვისტოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციებმა განაცხადეს, რომ თბილისის მერ დავით ნარმანიას 25 აგვისტოს იბარებენ თბილისის საკრებულოში.

“უკანონოდ ათეულობით ხის გაჩეხვის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისის მერიაში გვაქვს ბევრი სისტემური ხარვეზი, რომელზედაც თბილისის მერი და თბილისის მერიის ხელმძღვანელობა, სამწუხაროდ, პასუხისმგებლობას არ იღებს. ხუთშაბათს ვიბარებთ თბილისის მერს, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოუწევს პასუხი გასცეს ამ და სხვა შეკითხვებს, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ”, –  განაცხადა ირაკლი აბესაძემ, “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის” ფრაქციის თავმჯდომარემ.

“ფრაქცია რესპუბლიკელების სახელით მინდა განვაცხადო, რომ ფაქტი, რაც მოხდა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის, ეს არ არის ერთი ფაქტი, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა არსებობს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქალაქის მერი უნდა მობრძანდეს და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რაც აწუხებს არა მარტო დეპუტატებს, არამედ მთელ საზოგადოებას. ჩვენ ფრაქციაც უერთდება ამ ხელმოწერებს”, – განაცხადა დათო ზურაბიშვილმა, ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა.

“ფრაქცია დემოკრატიული მოძრაობა გამოთქვამს პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქალაქის მერიამ. ამაზე პასუხისმგებელი არის ქალაქის მერი და ყველა ის სამსახური, რომელიც მერიაში შედის. ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, უნდა მოვუსმინოთ დედაქალაქის მერს და მის სამსახურებს”, – განაცხადა ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ზაზა ვეკუამ.

ხეების მოჭრა , რამაც გარემოსდამცველთა  პროტესტი გამოიწვია, 17 აგვისტოს ყაზბეგის ქუჩაზე დაიწყო. მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის” წევრები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, აცხადებენ, რომ საბურთალოზე საღი ხეები მოჭრეს.

“პარტიზანული მებაღეობის” წევრი ნატა ფერაძე უკვე მეექვსე დღეა თბილისის მერიასთან შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი