ახალი ამბები

სამტრედიაში გამართული აქციის მონაწილე გიორგი სოფრომაძე დააკავეს

20 აგვისტო, 2016 • 1599
სამტრედიაში გამართული აქციის მონაწილე გიორგი სოფრომაძე დააკავეს

სამტრედიაში გამართული აქციის “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” ერთ-ერთი მონაწილე გიორგი სოფრომაძე პოლიციამ დააკავა.

ადამიანი, რომელიც სოფრომაძის დაკავებას შეესწრო, გვიყვება, რომ აქციის დასრულების შემდეგ ადამიანების ერთმა ჯგუფმა, დაახლოებით 5-6 ადამიანმა, რომლებიც ქუთაისის მიმართულებით აპირებდნენ წასვალს, სამტრედიიდან ფეხით გასვლა გადაწყვიტეს:

“სამტრედიის ხიდზე რომ გადავდიოდით, ამ დროს გაჩერდა რამდენიმე მანქანა, ელვის სისწრაფით ჩასვევს გიორგი სოფრომაძე მანქანაში და წამოიყვანეს, აქ არის ახლა, პოლიციის განყოფილებაში, ჩვენც აქ ვართ”.

მისივე თქმით, პოლიციას არ განუმარტავს, რის გამო აკავებდნენ სოფრომაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით მხოლოდ პირის დაკავებას ადასტურებენ.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრის ბექა წიქარიშვილის თქმით, ის ადამიანები, ვინც აქციის დასრულების შემდეგ სამტრედიიდან თბილისის მიმართულებით წამოვიდნენ, უკან სამტრედიაში ბრუნდებიან.

სამტრედიის პოლიციის შენობასთან იმყოფება სოფრომაძის ინტერესების დამცველი გურო იმნაძე, რომელსაც პოლიცია შენობაში არ უშვებს.

“პოლიციას ორდერიც წარვუდგინე, მაგრამ რომ ვეკითხები, რატომ არ მიშვებთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის სანახავად, როგორც ადვოკატს, არავითარ განმარტებას არ მაძლევენ, მეუბნებიან მხოლოდ, დავიცადოთო. ჩვენ გვინდოდა ამის თაობაზე გენინსპექციისთვის გვეცნობებინა, მაგრამ თავიანთ სახელებს და გვარებსაც არ გვეუბნებიან, რომ მათზე გენინსპექციას ინფორმაცია მივაწოდოთ”, განაცხადა გურო იმნაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

აქციის მონაწილეები სამტრედიის პოლიციის შენობის წინ 18:00 საათზე შეიკრიბნენ. მათ თან ჰქონდათ ორი დიდი ბანერი, რომელზეც ეწერა- “სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა” და “ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება”, აღნიშნულ ბანერზე, თავსა და ბოლოში #5 და #41 წერია, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრები.

აქციის მონაწილეებმა  სტიკერებიც დაამზადეს, რომლებზეც ის წერილია დატანილი, რაც დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დედას დაუტოვა. ხოლო სტიკერები, რომლებზეც “ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა” წერია, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს მიაკრეს. მოგვიანებით ეს სტიკერები პოლიციელებმა ავტომობილებს აახიეს. აქციის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის. ინციდნეტის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სამტრედიის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და აქცია მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ არსებულ “მომავლის პარკში” დაასრულეს.

პოლიციელმა, რომელსაც დემურ სტურუა წერილში ასახელებს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა. გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა აწარმოებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით]. როგორც სტურუა სიკვდილამდე დაწერილ წერილში წერს, პოლიციელმა იგი წაიყვანა სოფელ იანეთში, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა. დემურ სტურუას ოჯახის წევრები წერილში დასახელებული პოლიციელის დაკავებას მოითხოვენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი