პარლამენტში შესულ კანონპროექტს, რომელიც ბრალდებულის სახის ჩვენებისთვის მედიასაშუალების დაჯარიმებას ითვალისწინებს, ჟურნალისტთა ნაწილი გაუმართლებლად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აპირებს.

”დამეთანხმეთ, რომ თვითრეგულირება არ არის ის ბერკეტი, რომელიც ამ საკითხს ყოველთვის გადაწყვეტს, თუ არ არის გარკვეული შეზღუდვა,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” პარლამენტარმა რატი მაისურაძემ, რომელმაც მოამზადა  პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესატანად.

პროექტის მიხედვით, ელექტრონული და ბეჭდური მედიასაშუალების მიერ პირის დაკავებიდან განაჩენის გამოტანამდე ისეთი ფოტო-ვიდეო მასალის გამოქვეყნება, რომელიც იძლევა ბრალდებულის იდენტიფიცირების საშუალებას, ადმინისტრაციული წესით გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას. ჯარიმა პირველ ჯერზე იქნება 1500 ლარი, განმეორების შემთხვევაში – 3000 და ყოველ შემდეგ ჯერზე -10 000 ლარი.

”ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, დაახლოებით იგივეს ვითხოვ, რაც მოქმედებს არასრულწლოვნების საკითხის გაშუქების დროს – სახე იფარება. თუმცა, მიუხედავად ამისა, კანონში გათვალისწინებულია გარკვეული გამონაკლისი. კერძოდ, ეს კანონი არ გავრცელდება საჯარო პირებზე და მათზე, ვის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” რატი მაისურაძემ, რომელიც რამდენიმე კვრის წინ ფრაქცია ”ქრისტიან დემოკრატებიდან” ფრაქცია ”ძლიერ საქართველოში” გადავიდა. რატი მაისურაძის მიერ ეს 4 წლის მანძილზე პარლამენტში შეტანილი მეორე კანონპოროექტია. დეპუტატის თქმით, მან პირველი კანონპროექტი პარლამენტში ადმინისტრაციული სასჯელების შემცირებასთან დაკავშირებით შეიტანა, რომელიც ხარვეზების გამოსასწორებლად უკან გამოიტანა. ხარვეზების გასწორების შემდეგ კი კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას აპირებს.

”მიმაჩნია, რომ შესაძლებელია სასამართლომ წაყენებულ ბრალში პირის მიმართ გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. საზოგადოებას, რომელმაც ის იხილა ბრალდებულის სახით, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო არ ეძლევა საშუალება, მოქმედებების განვითარებას თვალი ადევნოს და მასთან აღარ მოდის ის ინფორმაცია, რომ პირს მოეხსნა ბრალდება. ბრალის წაყენება და დანაშაულში დადანაშაულება პირისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია,” – მიაჩნია რატი მაისურაძეს.

კითხვაზე, აღნიშნულ საკითხს რატომ უნდა წყვეტდეს სასამართლო და არა მედიის თვითრეგულირების ორგანო, პარლამენტის წევრი პასუხობს:

”თვითრეგულირება რომ საკმარისი იყოს, მაშინ გარკვეული დასჯები  და შეზღუდვები კანონის სახით არ იქნებოდა საჭირო. მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია რეიტინგზე. მედიასაშუალება რაზეა ორიენტირებული? იმაზე, რომ გადაცემა თუ სიუჟეტი იყოს ძალიან ამაფეთქებელი, რეიტინგული, რაც გამოიწვევს დიდ გამოხმაურებას. ამას თვითრეგულირებით ვერ შეზღუდავ.”

რატი მაისურაძე იხსენებს საფრანგეთის მაგალითს, სადაც მედიასაშუალებაში ხელბორკილიანი პირის ფოტო-ვიდეო  გამოქვეყნება, რომელშიც შესაძლებელია ვინაობის იდენტიფიცირება, ისჯება 15-დან 21 ათას ევრომდე ჯარიმით. პარლამენტარი ამბობს, რომ სპეციალურად მოერიდა კანონპროექტის განმარტებით ბარათში ისეთი მაგალითების მოყვანას, რომლითაც ნაჩვენები იქნება, რომ მსგავსი საკითხები მედიის თვითრეგულირების ორგანოებით წყდება.

თუმცა რატი მაისურაძისვე კანონპროექტის განმარტებითი ბარათი განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა:

”ასევე გასათვალისწინებელია ევროპის მოწინავე ქვეყნების სამართლებრივი რეგულაცია და ადაპტირებული პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით:

ნიდერლანდების სამეფოში ჟურნალისტებს ბრალდებულის მხოლოდ სახელის ან ინიციალების ხსენების უფლება აქვთ; შვედური ბეჭდვითი გამომცემლობის ასოციაცია, შვედური ჟურნალისტთა კავშირი, შვედეთის ეროვნული პრეს-კლუბი ქმნიან გაერთიანებას, რომლის მიერ შექმნილი კოდექსითაც აკრძალულია ბრალდებულის ფოტოებისა და სხვა მასალების გამოქვეყნება. 

დანიაშიც მოქმედებს ჟურნალისტთა საბჭოს ქცევის კოდექსი, რომელსაც ჟურნალისტები იცავენ,” – ვკთხულობთ კანონპროექტში. პარლამენტარი საილუსტრაციოდ სწორედ იმ ქვეყნების გამოცდილებაზე საუბრობს, სადაც ბრალდებულთა ფოტო-ვიდეო მასალის გამოქვეყნებას მედიის თვითრეგულირებისა და ეთიკის ორგანოები წყვეტენ.

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი და სტუდია ”მონიტორის”  ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი ფოტო-ვიდეოს გამოქვეყნება მედიის თვითრეგულირებით უნდა გადაწყდეს და არა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული დასჯის წესით. ზურიაშვილის მოსაზრებით, ეს უარყოფითად აისახება მედიასაშუალებების მუშაობაზე.

”ჯარიმის სახით 1500 ლარს რომ დააკისრებ ადამიანს მაშინ, როცა მისი ხელფასი 200 ლარია, ის, როგორც ჟურნალისტი, ისევ ისე თამამად იმუშავებს? ამას ექნება გამყინავი ეფექტი. ეს უნდა იყოს ეთიკის საკითხი და შესაძლოა ამ კუთხით ეთიკის ქარტიამ იმუშავოს. 1500– ლარიანი ჯარიმის დაწესება არ შეიძლება, როცა ხელისუფლება პიარისთვის მაშინ აქვეყნებს ბრალდებულთა ვიდეოაღიარებებს, როცა მოესურვება,” – განუცხადა ნინო ზურიაშვილმა ”ნეტგაზეთს”.

სტუდია ”მონიტორის” დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ისეთი ეთიკური სტანდარტის დადგენა, რომელიც შეზღუდავს ბრალდებულთა სახის ჩვნებას, პროფესიულ წრეებში დისკუსიის საგანია. ნინო ზურიაშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება საკუთარ თავს დაუწესებს შეზღუდვას და პროკურორები და თავად პრეზიდენტი შეწყვეტენ ადამიანთა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურები შეწყვეტენ პირთა გასამართლებამდე ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას. ჟურნალისტი იხსენებს შსს-ს მიერ მომზადებულ გადაცემა ”პატრულს”, სადაც, როგორც წესი, ბრალდებულებს ვინაობის იდენტიფიცირების თანხლებით აჩვენებენ.

აღნიშნულ ცვლილებებს, რომლის პროექტი პარლამენტში დეპუტატმა რატი მაისურაძემ წარადგინა, მიუღებლად მიიჩნევს “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და მას აფასებს ჟურნალისტების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობად ხელისუფლების მხრიდან.

“ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი მასალის გავრცელება არის მედიის თვითრეგულირების საკითხი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცეს ხელისუფლების რეგულირების სფეროში. მსგავსი მექანიზმი, შესაძლოა, გადაიქცეს ჟურნალისტების შეზღუდვის „კანონიერ“ და „ეფექტურ“ შესაძლებლობად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ავრცელებს.

დემოკრატიული ქვეყნების ეთიკის კოდექსები არეგულირებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაბალანსების აუცილებლობას.

“მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებას გაშუქებისას იღებს ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული სინდისის შესაბამისად. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ინიციატივა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობას”.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მიუღებლად მიიჩნევს პარლამენტის ინიციატივას ჟურნალსიტთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელების შემოღების  თაობაზე და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გაიზიაროს აღნიშნული ინიციატივა. კანონპროექტის წინააღმდეგ მოქმედებას აპირებს კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის”, რომლის ერთ-ერთი წევრი ნინო ზურიაშვილია. ის ამბობს, რომ კოალიციაში დღესვე წამოაყენებს ამ საკითხს და ჟურნალისტები ყველანაირად შეეცდბიან, რატი მაისურაძეს კანონპროექტი პარლამენტიდან გააწვევინონ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *