ახალი ამბები

რატომ საუბრობს ხელისუფლება რუსეთიდან შესაძლო სამხედრო აგრესიაზე

4 აპრილი, 2012 • 1282
რატომ საუბრობს ხელისუფლება რუსეთიდან შესაძლო სამხედრო აგრესიაზე

საქართველოს ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების დროს რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის შესაძლო გამოწვევის საფრთხეზე საუბრობს. რას ეფუძნება ხელისუფლების ვარაუდები და რამდენად რეალურია ქვეყანაში 2008 წლის მოვლენების განმეორების საფრთხე?

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში არსებობს იმ საქმის ბოლომდე მიყვანის განზრახვა, რომელიც 2008 წელს ვერ იქნა სრულყოფილად განხორციელებული.

განსხვავებულად ფიქრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დღეს რუსეთს აღარაფერში სჭირდება 2008 წლის მოვლენების განმეორება:

“რისიც ეშინია ხელისუფლებას, ეს უკვე მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მაშინ უნდა ეფიქრათ ამაზე, როდესაც რუსეთი ცდილობდა საქართველო ჩაეთრია პროვოკაციაში და ჩაითრია კიდეც. დღეს რუსეთს აღარ სჭირდება ის, რაც გააკეთა 2008  წელს. მან რაც უნდოდა, ყველაფერი აიღო: რუსეთს სჭირდებოდა, რომ კავკასიაში ყოფილიყო გავლენიანი სახელმწიფო და ეს ასეა; მან მიაღწია იმას, რომ საქართველო დიდხანს ვერ გახდება ნატო–ს წევრი, რადგან რუსეთის ბაზები დგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთს მეტი არაფერი არ უნდა”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის განხორციელების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში მოელის, თუკი ეს პროვოცირებული იქნება საქართველოს მხრიდან:

“ცარიელ ადგილზე რუსეთი აგრესიას ვერ განახორციელებს. აქ საჭიროა, რომ მოხდეს ის სიტუაცია, რომელიც საქართველოს მხრიდან ტერიტორიების მიმართ შეიარაღებულ ქმედებას მოიცავს. არაპროვოცირებული რუსული აგრესია ჩემთვის მიზერული ალბათობის შემცველია”, – აცხადებს ხუციშვილი.

ბოკერიას თქმით, საქართველო აგრძელებს იმ კურსს [სუვერენული სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მისაღწევად], რაც იყო რუსეთის მხრიდან აგრესიის მიზეზი 2008 წელს.

“2008 წლის გაზაფხულზე არავის ეგონა, რომ იქნებოდა ომის საშიშროება და ომი მოხდა ისე, რომ ჩვენც მივეცით გარკვეული საბაბი რუსეთს, რომ მერე შემოეყვანათ სატანკო შენაერთები და განეხორციელებინათ აგრესია. გარდა ამისა, ნატოს 2008 წლის ბუქრესტის სამიტზე იყო გაცილებით უფრო დიდი აჟიოტაჟი შექმნილი საქართველოსა და უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით, ვიდრე – ახლა, ჩიკაგოს სამიტის წინ. გარდა ამისა, ჩვენ გვაშორებს ბუქარესტის სამიტისგან ომის პერიოდი, რომელმაც სერიოზულად შეცვალა სიტუაცია”, – მიიჩნევს გოგი ხუციშვილი.

“საქართველოს პერსპექტივის მთავარ საფრთხედ რჩება რუსეთის მხრიდან სამხედრო საშიშროება იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება მილიტარიზაცია და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაღრმავება; იმის გამო, რომ სექტემბერში იქნება სამხედრო სწავლებები”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ “ეხო მოსკვისთან” საუბარში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სექტემბრისთვის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები “კავკასია 2012”, როგორც მოსალოდნელი საფრთხე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მოიხსენია:

“შემთხვევითი არ არის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენმა მეზობელმა დანიშნა დიდი სამხედრო სწავლებები სექტემბრის მეორე ნახევარში და ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის. ამას გარდა, ყველა ღონეს იხმარს ამ არჩევნების დისკრედიტაციისთვის და, ერთი მხრივ, ძალის გამოყენებით ქართველები დააშინოს, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ქვეყნიდან შემოსული ფულის გამოყენებით, ქართველი ამომრჩეველი მოისყიდოს. თუმცა, ვფიქრობ, 2008 წელმა კარგად აჩვენა, რომ დაშინებითა და მოსყიდვით საქართველოს ურყევი ნების შეცვლა შეუძლებელია”, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
“დღეს საქართველოს ხელისუფლება არის გაკოტრებული და არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ებღაუჭებოდეს მტრის ხატს რუსეთის სახით, რომელიც არსებობს რეალურად, მაგრამ რუსეთი დამშვიდებულია, მან თავისი მიიღო”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

თუმცა სამხედრო წვრთნები, რომელსაც რუსეთი 2012 წლის სექტემბერში გეგმავს, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე, არაერთხელ გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შეშფოთების გამოხატვის საგანი.  

“ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ მოსკოვს მოწოდებით, დააფიქსირონ, რომ ჯერ ერთი, როგორც თვითონ აცხადებენ, ეს არის საშტაბო-სამეთაურო სწავლებები და, მეორე მხრივ, თქვან, რა მიზნებს ემსახურება ასეთი მასშტაბური სწავლებები. ჯერჯერობით ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ მოსკოვიდან და ამით შეშფოთებულია არა მარტო საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ, 3 აპრილს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტის მსგავსად, საგარეო საქმეთა მინისტრიც დარმწუნებულია, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო სწავლება შემთხვევით არ ემთხვევა საქართველოში არჩევნების პერიოდს.

“ასეთი შტერები ვგონივართ ვაშაძეს? ყოველ შემოდგომაზე რუსეთი გეგმავს ასეთ წვრთნებს: 2008–ში ხომ იყო ომი, ამ წელს იყო “კავკასია–2008”, 2007–შიც იყო წვრთნები – “კავკასია–2007” , 2009 წელსაც იყო “კავკასია–2009”. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. საქართველოში რეგულარულად ტარდება არჩევნები შემოდგომაზე, ამიტომ რამდენჯერაც კი საქართველოში შემოდგომაზე დაინიშნება არჩევნები, იმდენჯერ დაემთხვევა რუსეთში, კავკასიაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს. ნუ გვაბოლებენ! ის, რაც ჩაიდინეს 2008–ში, ამაზე პასუხი მოეთხოვებათ და ნუ იგონებენ კიდევ ზღაპრებს”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

სამხედრო წვრთნებს, სახელწოდებით “კავკასია”, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მართლაც ყოველწიურად ატარებს, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი სწავლება უფრო მასშტაბური იქნება, ის გაცდება რუსეთის ტერიტორიის ფარგლებს და მოიცავს არა მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არამედ სომხეთის ტერიტორიას.

ამას გარდა, რუსი სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით, რომელიც “ნეზავისიმაია გაზეტამ” გამოაქვეყნა, “კავკასია 2012”-ის ფარგლებში დაგეგმილი წვრთები უკავშირდება ისრაელის ან აშშ-ის მხრიდან შესაძლო თავდასხმის განხორციელებას ირანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი