ახალი ამბები

ბურჭულაძის ბლოკში არ ამბობენ, რომელ პარტიასთან შექმნიან სახელისუფლებო კოალიციას

18 აგვისტო, 2016 • 1280
ბურჭულაძის  ბლოკში არ ამბობენ, რომელ პარტიასთან შექმნიან სახელისუფლებო კოალიციას

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკში, რომელშიც მისი პარტია, ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო და გირჩი გაერთიანდა, არ აკონკრეტებენ, რომელ პარტიასთან შექმნიან სახელისუფლებო კოალიციას პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში.

ნეტგაზეთის კითხვას, თუ “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” საპარლამენტო ურმავლესობის მოსაპოვებლად ამ ბლოკის ხმები დასჭირდება, რომელ პარტიასთან გაერთიანდებით, კონკრეტულ პასუხს პაატა ბურჭულაძე არ სცემს:

“ჩვენ მოვიაზრებით როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. ტელევიზიები ლაპარაკობენ, რომ “ნაციონალებისთვის” ივანიშვილის პარტია ვართ, ივანიშვილისთვის ვართ “ნაციონალური მოძრაობა. თქვენ როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. ჩვენ მარტო ვართ, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ჩვენს ხედვებს იზიარებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიჯეროთ, რომ შეიძლება შეიქმნას ძალა, რომელიც არავის მხარეზე არის და მხოლოდ ხალხის მხარეზეა. ეს ძნელი გასაგები არ არის,” – ამბობს ბურჭულაძე.

კითხვას კონკრეტული პასუხი არც ზურაბ ჯაფარიძემ გასცა:

“იმდენი მანდატი გვექნება, რომ ჩვენ ავირჩევთ, რას გავაკეთებთ და არა ის, რომ ვიღაცებისგან შემოთავაზება მივიღოთ. მგონია, რომ ამის ყველანაირი რესურსი გვაქვს. გირჩს ოთხი მანდატი აქვს პარლამენტში და ჩვენ ვთანამშრომლობთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან. თუ ჩვენი ხედვები და პრინციპები გაზიარებულია, თანამშრომლობაზე უარს არ ვამბობთ. ”

ოთხი პოლიტიკური პარტია – პაატა ბურჭულაძის პარტია“სახელმწიფო ხალხისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”,  გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.  ბლოკის სახელწოდებაა “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”.

ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა 18 აგვისტოს განაცხადეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი