ახალი ამბებისაზოგადოება

სერგეენკო: კომპანია „ავერსთან” წელიწადნახევარი უშედეგოდ დაიხარჯა

18 აგვისტო, 2016 • 1599
სერგეენკო:  კომპანია „ავერსთან” წელიწადნახევარი უშედეგოდ დაიხარჯა

საქართველოს შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, დავით სერგეენკო ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის პროტესტს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში წარმართული მოლაპარაკებები კლინიკის მეპატრონე კომპანია “ავერსი ფარმასთან” უშედეგო აღმოჩნდა.

ტერიტორიაზე არსებული ორი შენობა, ინფექციური საავადმყოფო და სეფსისის კლინიკა,  “ავერსი ფარმამ” აუქციონის გზით 2009 წელს შეიძინა. როგორც კომპანიაში ამბობენ, კლინიკის პერსონალს ტერიტორია 2011 წელს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მათი გადაყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„ბოლო წელიწადნახევარი დაიხარჯა პრაქტიკულად უშედეგოდ კომპანია „ავერსთან“, რომ მოეცათ საშუალება, სახელმწიფოს იმავე თანხებით აეშენებინა იქვე, იმავე ტერიტორიაზე ალტერნატიული შენობა“ – განაცხადა სერგეენკომ. მინისტრის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობა ახალ ტერიტორიაზე იგეგმება. მანამდე კი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი კლინიკის აშენებამდე ქონების მეპატრონე მისცემს საშუალებას, პაციენტებს არ შეექმნათ სერვისების მიღების საფრთხე.

“ნეტგაზეთი” ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, მარინა ეზუგბაიას დაუკავშირდა. ეზუგბაიას თქმით, “ავერსი ფარმა” კლინიკის პერსონალს სამედიცინო საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვის საშუალებას არ აძლევს:

“ავერსი ფარმა” მუდმივად ზღუდავს ჩვენს სამედიცინო საქმიანობის სრულფასოვან წარმართვას  კლინაკში. არ გვაძლევს საშუალებას, ჩვენ სადაც გვაქვს განთავსებული განყოფილებები, იქ, სადაც საშინალ მდგომარეობაა, რომ ჩავატაროთ სარემონტო კოსმეტიკური სამუშაოები. არ გვაძლევს საშუალებას, რომ სადაც რენტგენის აპარატი უნდა დავდგათ და სარემონტო სამუშოებია ჩასატარებელი, ისე ვერ დაიდგმება. მიღბული გვაქვს ახალი აპარატები და ის ოთახი, სადაც უნდა დავდგათ, კოსმეტიკურად უნდა შეკეთდეს”, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციური საავადმყოფოს პერსონალმა  “ავერსი ფარმას” შეხვედრა შესთავაზა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები კლინიკის პერსონალთან შეხვედრაზე არ მივიდნენ. მისი თქმით, მოთხოვნები კომპანიას წერილობითაც გაეგზავნა.

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს შენობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო იჯარის წესით ფლობს. იჯარის ხელშეკრულება, როგორც “ავერსში” “ნეტგაზეთს უთხრეს, ორი დღის წინ, 16 აგვისტოს გაფორმდა. ხელეკრულების განახლებას ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

“ავერსი ფარმა” კლინიკის პერსონალის პროტესტს ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ავერსს” კლინიკაში აპარატურის განთვსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც რაიმე სახის რემონტის წინააღმდეგია. თუმცა 2016 წლის 16 აგვისტომდე ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა:

“ინფექციურ საავადმყოფოს, ჯანდაცვის სამინისტროს და ავერსს შორის იჯარის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2016 წლის 01 იანვარს. ახალ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ავერსისგან დამოუკიდებელი მიზეზით მხოლოდ 2016 წლის 16 აგვისტოს. ხელმოწერიდან 1 საათში მათ მოაწყვეს აქცია, თითქოს ავერსი არ აძლევს რემონტის უფლებას. ავერსი ამ უფლებას ვერ მისცემდა ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა” – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი