ახალი ამბები

დუშეთში სალოცავის გაქურდვის ბრალდებით ორი ახალგაზრდა დააკავეს

18 აგვისტო, 2016 • 1460
დუშეთში სალოცავის გაქურდვის ბრალდებით ორი ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი პირი დუშეთის რაიონის სოფელ უკანხადუში მდებარე სალოცავის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან 21 წლის და 28 წლის ახალგაზრდები.

“სამართალდამცველებმა სალოცავიდან მოპარული ნივთები – ვერცხლის სხვადასხვა სახის 79 ნაკეთობა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,”- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ვიდეომასალიდან

შსს-ს ვიდეომასალიდან

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქურდობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

კოდექსის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა ღირებულების იყო ეს ვერცხლეული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდა. შსს-ში ნივთების ღირებულებაზე არ საუბრობენ იმ მოტივით, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი