ახალი ამბები

კომიტეტი “უბლოკო სტატუსის” მომთხოვნი საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირებაზე იმსჯელებს

17 აგვისტო, 2016 • 1738
კომიტეტი “უბლოკო სტატუსის” მომთხოვნი საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირებაზე იმსჯელებს

დღეს, 17 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოსთვის “უბლოკო სტატუსის” მინიჭებას მოითხოვენ. განხილვის შემდეგ პარლამენტის ბიურომ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა განსახილველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან ნინო ბურჯანაძე, მამუკა აჩბა, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლიანა ჩქარეული, გრიგოლ ბარამიზე, ბესიკ დანელია, ბექა პეტრიაშვილი და თამარ ზურაშვილი.

ჯგუფის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ წევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის  ან/და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში.”

პარლამეტნის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, ამ კვირაში კომიტეტი სხდომას ჩაატარებს და  ჯგუფს დაარეგისტრირებს, თუ ყველა დოკუმენტი აქვთ წარმოდგენილი:

“თუ რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად აქვთ წარმდოგენილი ყველა დოკუმენტი, საინიციატივო ჯგუფს დავარეგისტრირებთ, გადავცემთ სპეციალურ ბლანკებს და მათ ოთხ თვეში უნდა წარმოადგინონ 200 ათასი ხელმოწერა. ამის შემდეგ შევამოწმებთ ამ ხელმოწერების ნამდვილობას,” – ამბობს კახიანი.

საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა აქვს დავით უსუფაშვილს. კერძოდ, დავით უსუფაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს,, რომლის მიხედვით კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ევროატლანტიკურ სისტემაში  სრულფასოვანი ადგილის დაკავება.

ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს “ეროვნულმა ფორუმმა” და “თავისუფალმა დემოკრატებმა“. “ქართულ ოცნებაში” კი დავით უსუფაშვილის წინადადებას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი უწოდეს და განაცხადეს, რომ ქვეყნის განვითარების კურსში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი