სამოქალაქო სოლიდარობის აქციას, რომელიც თბილისის 6 მოედანზე გაიმართა, ქუთაისიც შეუერთდა. აქცია ადგილობრივი გაზეთის, „ახალი გაზეთის“ ორგანიზებით მოეწყო. როგორც გაზეთის რედაქტორი ია ბობოხიძე ამბობს, აქციის მიზანია საზოგადოების ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან თემებს მიეპყროს, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, კულტურული მემკვიდრეობა, თავისუფალი მედია და თავისუფალი არჩევნები.
“ვუერთდები აქციას და მის ყველა მოთხოვნას ვიზიარებ. საკითხები, რომლებიც დღეს ჩვენ აქ წარმოვადგინეთ, კარგად მოგვეხსენება, რომ პრობლემურია და საჭიროებენ გადაწყვეტას. ჩვენი უფლებები ხშირად ირღვევა, მედია თავისუფალი არაა, არც განათლებაა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ა.შ. ამ პირობებში სამოქალაქო აქტივიზმი ორმაგად საჭიროა, რომ არა მარტო ხელისუფლებას შევახსენოთ ჩვენი რეალობა, არამედ იმ მოქალაქეებსაც, რომლებმაც ჩვენთან ერთად უნდა იზრუნონ საკუთარი უფლებების დაცვაზე,” – აღნიშნავს აქციის მონაწილე ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე.
აქციაში ჟურნალისტებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. “სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის” თავმჯდომარის, ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, ეს მოთხოვნები არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, რადგან ისინი დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი არ არის ბოლომდე მოგვარებული, საქართველოში კი მდგომარეობა ბევრად რთულია:
„მე ვუერთდები აქციას იმიტომ, რომ დემოკრატია არის პროცესი და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიმოქმედოთ ამ პროცესში, რომ ის სწორად განვითარდეს. ამ საკითხებზე ჩვენ მხოლოდ დღეს არ ვილაპარაკებთ, რადგან ისინი სანამ არ გადაიჭრებიან, არ დაკარგავენ აქტუალობას. ევროპაშიც კი ბოლომდე არ არის ყველაფერი წესრიგში და ამ მხრივ ჩვენთან სავალალო მდგომარეობაა. საზოგადოების ვალია, რაც შეიძლება დიდი ხმაური გამოიწვიოს ამ თემის ირგვლივ, თორემ ჩუმად ყოფნით ვერაფერს განვავითარებთ.”
დღევანდელ აქციას ქუთაისში ახლახან გახსნილი პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფისის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, საზოგადოების ყველა ჯგუფმა ერთმანეთს სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს:
„გვერდში დგომა ყველას გვჭირდება, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე საერთო პრობლემას ეხება. ჩვენ სოლიდარულები ვიქნებით ყველა იმ აქტივობის მიმართ, რომელთა მიზანი ადამიანის ცხოვრების რეალობის გაუმჯობესება იქნება“.
ამავე თემაზე:
სოლიდარობა ექვსი საკითხის გარშემო
დაიცავი გარემო – სამოქალაქო სოლიდარობის აქცია მარჯანიშვილზე [Video]