„რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის თაობაზე, რომელიც ბათუმში ამ წუთებში მიმდინარეობს, აცხადებს, რომ სენსიტიური საკითხების გადაწყვეტა მიტინგებითა და აქციებით არ უნდა ხდებოდეს:
„ბევრმა ხელმოცარულმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა ამ თემით ისარგებლა და პოლიტიზებული გახადა ის. ამ პროცესებში ჩართულია ის ხალხი, რომელმაც სხვანაირად ვერ იპოვა გზა პოლიტიკაში და ურა–პატრიოტული თემებით და ისეთი კლიშეებით უნდათ რაღაცის მიღწევა, როგორიცაა „პირსისხლიანი აზიზიე“, “დამპყრობელი თურქეთი“ და ა.შ.”
მასალკინი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საპროტესტო გამოსვლებს კარგად გამოიყენებს ხელისუფლება წინაასარჩევნოდ:
„იტყვის, აი, გინდათ, ისეთი ხალხი მოვიდეს, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს ებრძვის? სწორედ ამიტომაც, ჯერჯერობით კარგად გაასაიდუმლოებენ იმას, სად აშენდება, რა აშენედება, რომ გაურკვევლობაში იყვნენ ადამიანები,“–აცხადებს მასალკინი.
„რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, აქციაზე არსებობს საშიშროება იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებაროს:
„შესაძლოა იყოს პროვოკაციები. გამოვა ვინმე გულანთებული, რომელსაც მართლაც გულწრფელად დააჯერეს, რომ თურქეთი ოკუპანტია და მიწები წაგვართვა, ახორციელებს ჩვენზე ეკონომიკურ ექსპანსიას და არ მოერიდება სხვადასხვა ქსენოფობურ გამონათქვამებს“.
ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში, რომელიც “წინააღმდეგობის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მათ შორის არიან: “ქართული პარტია”, “ქრისტიან-დემოკრატები”, “სახალხო კრება” და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი მურან დუმბაძე.