“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” (ICK) ინფორმაციით, ორშაბათს, 2 აპრილს, სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას გირაოთი შეუცვლიან და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.
გაზეთ “კახეთის ხმის” ყოფილი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 და 236 მუხლებით (მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება) წაუყენეს.
კერძოდ, ნიკოლაშვილს ბრალი ედება პოლიციელ გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
დაკავებულის მამა დავით ნიკოლაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია: როგორც დავით ნიკოლაშვილი აცხადებს, ის წლების წინ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, ახლა კი ”ქართული ოცნების” საქმიანობაშია ჩართული.
სამთავრობო საათზე, რომელიც გუშინ, 29 მარტს პარლამენტში გაიმართა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე ზღულაძემ განაცხადა, რომ ნიკოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადგილი აქვს სისხლის სამართლის საქმის “პოლიტიკურად ანგაჟირების მცდელობას”.
“აღნიშნულმა ქალბატონმა მამის კუთვნილი იარაღით ესროლა მის მეგობარს, რომელიც ამ შემთხვევაში არის პოლიციელი, მაგრამ ეს გარემოება აბსოლუტურად არააქტუალურია, დამამძიმებელ გარემოებადაც კი არ ჩაითვლება. იგივე შედეგი დადგებოდა, მეგობარი მამაკაცი რომ ყოფილიყო ჟურნალისტი ან ინჟინერი. ასევე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ეს ქალბატონი არის პროფესიით ჟურნალისტი იმიტომ, რომ საქმე არ გვაქვს პროფესიულ საქმიანობასთან, თუმცა ამ საქმის დელიკატური, პირადი ისტორიის დეტალები ამ ტრიბუნიდან ჩემი განსახილველი ნამდვილად არ არის.
მთავარი ის არის, რომ ამჟამად ადვოკატი და პროკურატურა მუშაობენ შეძლებისდაგვარად ნაკლებად მძიმე აღმკვეთ ღონისძიებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი ქალბატონია”, – განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ.
ამავე თემაზე:
სოფო ნიკოლაშვილის საქმე გრიფით საიდუმლო არ არის