სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, კამპანია “ეს შენ გეხება”-ს ფარგლებში, ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (OSCE/ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას მოითხოვენ, წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის მიზნით.
წერილები შესაბამისი მოთხოვნით უკვე გაეგზავნათ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს:
“ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ვეთანხმებით 28 თებერვალს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოსვლისას გამოთქმულ პოზიციას წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის აუცილებლობის თაობაზე და მოგმართავთ წინადადებით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ბიუროს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში”, – აღნიშნულია წერილობით მიმართვაში.
მიმართვას ხელს კამპანიაში მონაწილე 82 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს.
OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი და მოკლვადიანი სადამკვირვებლო მისია ქვეყანაში იგზავნება მხოლოდ ამავე ქვეყნის მთავრობის მოწვევის საფუძველზე. ამ შემთხვევაში კი, მიმართვის უფლება საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს.
სადამკვირვებლო მოკლევადიანი მისია რამდენიმე დღე გრძელდება და უშუალოდ არჩევნების დროს უბნებზე დაკვირვებით შემოიფარგლება, ხოლო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის განთავსება ხორციელდება არჩევნების დღემდე რამდენიმე თვით ადრე.
“ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრი, ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი უფრო ნათლად განმარტავს აღნიშნულ პროცედურას:
“ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისთვის (ეუთო) მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს. სახელმწიფოს კი ურთიერთობებში წარმოადგენს პრეზიდენტი და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს ორი სუბიექტია, ვისაც აქვს ამ მოქმედებების განხორციელების უფლება. ცალკეულ ურთიერთობებში პრეზიდენტს აქვს ბრძანებულების გამოცემისა და თავის წარმომადგენლის დანიშვნის უფლებაც ამა თუ იმ საერთაშორისო საკითხში მოლაპარაკებების საწარმოებლად,” – აღნიშნავს ქუცნაშვილი.
კითხვაზე, არსებობს თუ არა მკაცრი კრიტერიუმი ან შეზღუდვა სადამკვირვებლო მისიის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და ამ მხრივ შეზღუდვები არ წესდება.
“არჩევნებამდე, ანუ ოქტომბრის თვემდე, დარჩენილია 7 თვე. ქართული საზოგადოება დაინტერესებულია, რომ უკანასკნელი ექვსი თვე იქნას წარმოებული დაკვირვება იმიტომ, რომ რაც დღეს ხდება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, თებერვალ–მარტის თვეში, ესეც საარჩევნო კამპანიის ნაწილია, როდესაც კონტროლის პალატა თავისი უფლებამოსილების გადამეტებით ახორციელებს მასობრივ ზეწოლას საქართველოს მოქალაქეებზე. ერთი მხრივ, მათი შეშინების, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური კოალიციის დაფინანსების გარეშე დატოვების მიზნით,” – აღნიშნავს ქუცნაშვილი.
აქამდე, კერძოდ, წინა არჩევნებზე ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში ორ თვეზე ადრე არ განთავსებულა. აღნიშნულს ქუცნაშვილიც ადასტურებს.
ის, რომ დიდია ევროპისგან ინტერესი ამ არჩევნებისადმი, ეს საქართველოში სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუიდო ვესტერველემ ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზეც აღნიშნა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თუ იქნება წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისთვის ფინანსური მხარდაჭერა, ეუთო მზად არის, მოავლინოს დამკვირვებლები საქართველოში.
“წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენელი, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერა არის ამ საკითხში. თუმცა ეს არ მოხდება, თუ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში არ გააგზავნის სპეციალურ მოწვევას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სახელზე,” – განაცხადა უსუფაშვილმა.
წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს „მნიშვნელოვანი გამოცდა“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას და განაცხადა, რომ ისინი იწვევენ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს.
„მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა და ჩვენი პრინციპის საკითხია, რომ ეს იყოს ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, რომელიც როდესმე ჩატარებულა საქართველოში. ამისთვის ჩვენ ვიწვევთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს წინასწარი დაკვირვებისთვის, არჩევნების დღის დაკვირვებისთვის იმიტომ, რომ ეს ჩვენი ინტერესია, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ყველაფერთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას, “ნეტგაზეთი” პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხზე ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჯერჯერობით არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნია წინასაარჩევნოდ გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევის განცხადება ეუთოში.
“იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების ზუსტი თარიღი არ არის ჩანიშნული, საგარეო უწყება ჯერ–ჯერობით ვერ გააგზავნის მოწვევას გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოგზავნასთან დაკავშირებით. მართალია, არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, მაგრამ ზუსტი თარიღის მითითება აუცილებელია იმისთვის, რომ ისინი აქ ჩამოვიდნენ. სხვა მხრივ, ჩვენ მივესალმებით საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას და გავაგზავნით მოწვევას,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროში.
არჩევნების თარიღს კი, საქართველოს კონსტიტუციის 50–ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი ნიშნავს არა უგვიანეს 60 დღისა.