ახალი ამბები

“ცენტრისტების” პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციოს ენმ-ც მიმართავს

15 აგვისტო, 2016 • 1281
“ცენტრისტების” პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციოს ენმ-ც მიმართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” პოლიტკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ 15 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაპანაძის თქმით, ასეთი პარტიის არსებობა და მათი მხრიდან მსგავის შინაარსის მქონე რეკლამის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშვება არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სერიოზული ნაბიჯი, რაც ქვეყნის მოქალაქეებს აზიანებს:

” ის რეაქცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების მხრიდან, ძალიან მოსასალმებელია. შესაბამისად, ჩვენ ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება და ის შინაარსი, რომელსაც შეიცავდა ეს კლიპი (რომელიც გავიდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე), არის ანტიკონსტიტუციური. აქედან გამომდინარე, ჩვენ უახლოეს მომავალში, დღესვე შესაძლებელია, ჩვენი საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში 30 დეპუტატის მეშვეობით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს პოლიტიკური პარტია იქნას გამოცხადებული არაკონსტიტუციურად” -განაცხადა კაპანაძემ.

მსგავსი ინიციატივით გუშინ, 14 აგვისტოს, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი თამარ კორძაია გამოვიდა. მან დეპუტატებს მოუწოდა, შეუერთდნენ მის ინიციატივას და საკონსტიტუციო სასამართლოს ლადო ბედუკაძის პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მიმართონ.

სერგი კაპანაძის თქმით, ისინი მხარს უჭერენ საზოგადოების მხრიდან წამოსულ იდეას  და პარტიების გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. შესაბამისად, თავად აპირებენ უსახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

პარტიებში მიიჩნევენ, რომ “ცენტრისტების” პარტიის დაპირება რუსული ბაზების განთავსების და 400-ლარიანი „რუსული პენსიის“ შესახებ, რომელიც მათ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლში გამოიყენეს, კონსტიტუციისა და საქრთველოს კანონმდებლობის ნორმების დარღვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი