ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული ბედუკაძე-ხაჩიაშვილის პოლიტიკური რეკლამა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.
„ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მთავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრია, რომელმაც სრული მხარდაჭერით შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებად ის ადამიანები გვევლინებიან, რომლებიც საქართველოს სახელმწფოს, საქართველოს სუვერენიტეტს უარყოფენ. ჩვენ გვახსოვს ბედუკაძე, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული, მაგრამ ის გმირად აქციეს და დღემდე ივანიშვილის ვიწრო გარემოცვაშია. ხაჩიაშვილი კი ღიადაა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში. ესაა იმ არაჯანსაღი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 4 წელია მიმიდნარეობს და ეს უნდა შეიცვალოს 8 ოქტომბერს, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩევნი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის რელსებს,” – ამბობს ხოშტარია.
400-ლარიანი რუსული პენსია, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება – არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებს ამ ყველაფერს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” ჰპირდებიან. შესაბამისი ვიდეორგოლი გადის საზოგადოებირვი მაუწყებლის ეთერში. “სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო ვიდეორგოლს ცესკოში გაასაჩივრებს.
13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების სარჩელი, რომლითაც ამომრჩევლების მოსყიდვის გამო „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.