ახალი ამბები

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანია “პირველზე” წაიყვანს გადაცემას

13 აგვისტო, 2016 • 6277
ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანია “პირველზე” წაიყვანს გადაცემას

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე, რომელმაც ივლისის ბოლოს ტელეკომპანია “იმედი” დატოვა, სექტემბრიდან ტელეკომპანია “პირველზე” კვირის შემაჯამებელ ტოკ-შოუს შაბათ-კვირაობით წაიყვანს.

როგორც დიანა ტრაპაიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, ტელეკომპანია “პირველის” ხელმძღვანელობამ შესთავაზა სამსახური, რაზეც დათანხმდა, რადგან ფიქრობს, რომ “პირველი” კარგი სივრცეა სამუშაოდ: “მივიჩნიე, რომ შესაფერისი ადგილია ჩემთვის სამუშაოდ ამ ეტაპზე”, – უთხრა დიანა ტრაპაიძემ “ნეტგაზეთს”.

ტრაპაიძემ, რომელსაც ტელეკომპანია “იმედში” “ქრონიკის სტუდია” მიჰყავდა, არხი 27 ივლისს დატოვა. როგორც მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, იმედის ხელმძღვანელობას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა გადაცემა “ქრონიკის სტუდია”, მისივე ავტორობით, ისევ ყოფილიყო სამაუწყებლო ბადეში, თუმცა მაინც დატოვა “იმედი”, რადგან “ცოტა დასვენება” უნდოდა.

“პროფესიული წესები და წესიერება ერთადერთია, რასაც სიამოვნებით ვემორჩილები. შევხვდებით ერთმანეთს “პირველზე”.  P.s საკმარისად დავისვენე. დანარჩენი შეკითხვების პასუხები არის ჩვენს საქციელში და ჩვენს გადაცემებში”, – დაწერა დღეს, 13 აგვისტოს, დიანა ტრაპაიძემ ფეისბუკის საკუთარ ანგარიშზე. დამატებითი კომენტარს “იმედიდან” წამოსვლასთან დაკავშირებით დიანა ტრაპაიძე “ნეტგაზეთთან” არ აკეთებს.

იმის გარდა, რომ იმედზე აღარ იმუშავებს დიანა ტრაპაიძე, ტელეკომპანიაში სხვა ცვლილებებიცაა. კერძოდ, გადაცემა “პოლიტიკას” აღარ წაიყვანს თეონა გეგელია. გუშინ, 12 აგვისტოს, გადაცემის ბოლოს გეგელია ტელემაყურებელს ასე დაემშვიდობა:

“ეს იყო “პოლიტიკის” ბოლო გადაცემა ამ სეზონზე და ჩემი ბოლო ეთერი ამ გადაცემაში. მე გისურვებთ მშვიდ პოლიტიკურ შემოდგომას და გემშვიდობებით. შეიძლება დროებით”.  ის, სავარაუდოდ, “იმედში” სხვა პოზიციაზე, კერძოდ, ვებგვერდზე იმუშავებს. ამას გარდა, სავარაუდოდ, “იმედის” ვებზე გადაინაცვლებს ჯონი კალანდაძე (დიანა ტრაპაიძის მეუღლე), რომელიც საინფორმაციო სამსახურში პროდიუსერად მუშაობდა. იმედის მთავარ საინფორმაციო პროგრამა “ქრონიკას” კი აღარ წაიყვანს ჟურნალისტი თეა სიჭინავა.

დიანა ტრაპაიძეს “პირველში” გადასვლას გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც ტელეკომპანიის პროდიუსერია:

“სხვა ამბებთან ერთად, გამორჩეული დამოკიდებულება მაქვს მის [ტრაპაიძის] მიმართ იმიტომაც, რომ როცა “რეაქცია” დაგვიხურეს და “იმედიდან” გამოგვყარეს, სწორედ დიანას შესთავაზეს მაშინ პარასკევის ტოკ-შოუს წაყვანა დახურული “რეაქციის” ნაცვლად, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა. იშვიათი ღირსებების ჟურნალისტია და ამიტომ ასმაგად მიხარია ეს ამბავი”, – წერს ფეისბუკზე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია “იმედში” შეიცვალა საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ეს პოზიცია ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ დაიკავა. ასევე, ტელეკომპანია “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა ირაკლი რუხაძე.

ტელეკომპანია “იმედმა” შარშან ზაფხულში დახურა ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქცია”, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე არხიდან დაითხოვეს შალვა რამიშვილი, რომელიც უძღვებოდა გადაცემა “პოლიტიკას” თეონა გეგელიასთან ერთად. ასევე, რამიშვილის სტუდია რამდენიმე გადაცემას ამზადებდა “იმედისათვის”. რამიშვილმა მაშინვე განაცხადა, რომ ეს საკადრო გადაწყვეტილება განახორციელა ირაკლი რუხაძის დავალებით დირექტორმა გიორგი ბახტაძემ. რამიშვილმა ბახტაძე ჟურნალისტურ საქმიანობაში ზეწოლაშიც დაადანაშაულა. ხოლო ტელეიმედის ხელმძღვანელობამ მაშინ განმარტა, რომ რამიშვილი თათია სამხარაძესთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაითხოვეს, რომლის მიხედვით რამიშვილს ჰქონდა სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროების მცდელობა. აღნიშნულის შესახებ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი