რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი ქუთაისში, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასული წლის აგვისტოშიგახსნა, თავიდან რემონტდება.
ორმოები სამანქანო გზაზე, დამტვრეული ბორდიურები, მოშლილი განათების სისტემა, საღებავგადაცლილი ძელსკამები, დატბორილი ველობილიკი, შეფუთული პალმები – ასე გამოიყურება დღეს ქუთაისში აღმაშენებლის გამზირის სამკილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
“ასე უაზროდ ფლანგავენ და ხარჯავენ ფულს. ყველაფერი ფასადურად როგორ უნდა გააკეთო?! ქალაქის ხელმძღვანელებმა სულ დაკარგეს ხალხის მიმართ პატივისცემა. გზა ისეა გაფუჭებული, რომ მანქანა „ჯაყჯაყით“ დადის,” – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი ქეთი ლებანიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
აღმაშენებლის გამზირზე გზისპირას განლაგებული შენობა-ნაგებობებისა და ბორდიურების მოპირკეთების სამუშაოები შპს „ელბამ“ 2011 წლის ზაფხულში დაასრულა.
“ბორდიურების სამუშაოები უხარისხოდ იყო ნაწარმოები. ამ და სხვა მიზეზების გამო პროკურატურამ დააკავა ფირმა “ელბას” წარმომადგენლები,” – აცხადებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
მისივე თქმით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ შპს “ელბას” კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის ნაწილი – 84 ათასი ლარი აღარ გადაუხადა.
“გადაუხდელი ფულით მიღებული ეკონომიიდან თავიდან გამოცხადდა ტენდერი ბორდიურებზე სამუშაოების განსახორციელებლად, რომელიც მოიგო შპს “აკაციამ”, – აცხადებს ჭანჭალეიშვილი.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ “თავი დაიზღვიეს” და 6500 ლარი დახარჯეს აღმაშენებლის გამზირზე გაშენებული პალმების (მთლიანობაში 300 ძირი) შეფუთვისთვის, რომლებიც “ვაშინგტონის ჯიშისაა და 10– გრადუსიან ყინვას უძლებს”.
აღმაშენებლის გამზირზე სამკილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობისთვის 960 ათასი ლარი დაიხარჯა, ხოლო 30– კილომეტრიანი ველოგზის მშენებლობისთვის ქუთაისში 5 200 000 აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.