ახალი ამბები

შსს-მ დედის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

12 აგვისტო, 2016 • 1110
შსს-მ დედის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღოონისძიებების შედეგად 1961 წელს დაბადებული ვ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას – 1933 წელს დაბადებულ ც.მ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,” – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი