ახალი ამბები

“თეთრი ხმაური”: პოლიციის გადაჭარბებულ ძალაუფლებას საზოგადოება დღემდე ვერ აკონტროლებს

12 აგვისტო, 2016 • 1786
“თეთრი ხმაური”: პოლიციის გადაჭარბებულ ძალაუფლებას საზოგადოება დღემდე ვერ აკონტროლებს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. მომხდარს გამოეხმაურა “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ცვლილებისათვის მომუშავე აქტივისტებს აერთიანებს.

“საქართველოში მოქმედმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. 22 წლის დემურ სტურუას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ პოლიციასთან თანამშრომლობას და თანასოფლელების დასმენას, რამაც სტურუა თვითმკვლელობამდე მიიყვანა”.
წერილში, რომლიც დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.  როგორც წერილში წერია, პოლიციელმა იგი წაიყვანა იანეთში, სცემა და დაექმურა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა. როგორც წერილში წერია, პოლიციელმა იგი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მიერ დანერგილი ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიის სავალალო შედეგები უამრავმა ადამიანმა იწვნია საკუთარ თავზე: “მისი ყოველდღიური პრაქტიკების დიდი ნაწილი ისევ უხილავი ქსელების მეშვეობით ფუნქციონირებს. ამგვარი ძალადობრივი ქსელების მუშაობის წინაპირობას წლების განამვლობაში პოლიციისთვის მიცემული გადაჭარბებული ძალაუფლება ქმნის, რომლის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები დღემდე არ არსებობს”, – აცხადებენ აქტივისტები.

აქტივისტების შეფასებით, აღნიშნული ფაქტი სახელმწიფოს “სტრატეგიის ყველაზე უკიდურესი გამოვლინებაა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ პოლიციური ძალადობის სრულ სურათს და მის სავალალო შედეგებს, სწორედ ამიტომ, მომხდარი ძალადობის ფაქტი ჩვენგან მკაცრ რეაგირებას მოითხოვს”, – წერენ მოძრაობის წევრები.

“ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის მიზანმიმართული შეტევა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენებზე მიმდინარეობს, რაც საქართველოში არსებული დრამატული სოციალური უთანასწორობის უშუალო შედეგია. მომხდარი დანაშაული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პოლიციური კონტროლის მექანიზმები საჯარო სივრცის მიღმა დარჩენილ, ხმაწართმეულ ადამიანებს განსაკუთრებული სიმკაცრით უსწორდება, მისი მოქმედების ძირითად სივრცეებს რეგიონები, სოფლები და გარეუბნები წარმოადგენენ”, – ნათქვამია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციელმა, რომელსაც დემურ სტურუა წერილში ასახელებს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა. გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. მათი ცნობით, 8 აგვისტოს დაიწყეს გამოძიება შ.ს.ს. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი