ახალი ამბები

გიულენი: თუ მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანოები დამნაშავედ მცნობენ, თურქეთს ჩავბარდები

12 აგვისტო, 2016 • 1354
გიულენი: თუ მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანოები დამნაშავედ მცნობენ, თურქეთს ჩავბარდები

აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირი, ფეტულა გიულენი აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაბარდება თურქეთს, თუკი დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოები დამნაშავედ ცნობენ.

“თუკი დადგინდა, რომ ჩემ მიმართ ბრალდებების მეათედი მაინც სიმართლეა, პირობას ვდებ, დავბრუნდები თურქეთში და უმძიმეს სასჯელს მოვიხდი”, – წერს ფეტულა გიულენი ფრანგული გამოცემის, “ლე მონდის” (Le Monde) საავტორო სვეტში.

ფეტულა გიულენი თურქეთში დაბადებული სასულიერო პირია — ყოფილი იმამი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში, პენსილვანიაში ცხოვრობს. თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის აჯანყების დაგეგმვაში სწორედ მას ადანაშაულებს და აშშ-ისაგან 75 წლის გიულენის გადაცემას ითხოვს. თურქეთის პოზიციით, გიულენი ხელმძღვანელობდა გადატრიალების მცდელობას და პასუხისმგებელია 271 ადამიანის სიკვდილზე. თუმცა თურქეთს ჯერ ფორმალურად არ მოუთხოვია გიულენის ექსტრადიცია.  თვითონ გიულენი კი აჯანყებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

თურქეთში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რასაც წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ამბოხებულთათვის წარუმატებლად დასრულდა. 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 271 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცავებმა 37 500 საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000 მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია და 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

“ალჯაზირას” ცნობით კი, თურქეთის სასამართლომ 5 აგვისტოს ოფიციალურად გამოსცა ფეტულა გიულენის დაკავების ორდერი. მანამდე, 2016 წლის 19 ივლისს, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მათ ოფიციალურ ვაშინგტონს გიულენის დანაშაულის დამამტკიცებელი სამხილები გაუგზავნეს. თუმცა, როგორც “უოლ სტრიტ ჯორნალი” (WSJ) წერს, თურქეთის მხრიდან აშშ-ისთვის გადაცემული მტკიცებულებები აშშ-ის ოფიციალური პირებისათვის საკმარისი არ არის ფეტულა გიულენის თურქეთისათვის გადასაცემად.

ჯერჯერობით ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ს არ მიუღია და გიულენის ექსტრადიციაზე დისკუსიები, როგორც “უოლ სტიტ ჯორნალი” წერს, თვეობით გაგრძელდება. თუმცა, WSJ-ის ცნობითვე, მრავალი ადამიანი, რომელიც ექსტრადაციის საკითხის განხილვაში იღებს მონაწილეობას, ვერ წარმოიდგენს ისეთ სცენარს, რომელშიც ფეტულა გიულენი თურქეთს გადაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი