ახალი ამბები

ბურჯანაძემ პარლამენტში უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნით განაცხადი შეიტანა

12 აგვისტო, 2016 • 1522
ბურჯანაძემ პარლამენტში უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნით განაცხადი შეიტანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში შევიდა ნინო ბურჯანაძის  და სხვა მოქალაქეების განაცხადი კონსტიტუციაში საქართველოს უბლოკო სტატუსის ჩაწერის მოთხოვნით.

ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს, 12 აგვისტოს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბიუროს სხდომა საქართველოს პარლამნტში 15 აგვისტოს, 15 საათზე  გაიმართება.

“ბიუროს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება საქართველოს პარლამენტში შემოსული განაცხადი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აპირებენ, შეაგროვონ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები და საქართველოს კონსტიტუციაში მოითხოვონ უბლოკო სტატუსი, ანუ კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ ინიციატივის ავტორები არიან საქართველოს მოქალაქეები, ნინო ბურჯანაძე და სხვები,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 2016 ივნისში განაცხადა, რომ  საქართველოსთვის “უბლოკო სტატუსის” მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებდნენ.

ბურჯანაძის წინადადების საპასუხოდ დღეს, 12 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საქარველოს ევროატლანტიკური მისწრაფება უნდა ჩაიწეროს.

ბურჯანაძემ უსუფაშვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საწინააღმდეგო განცხადებებით უპასუხა:

“ჩვენი ინიციატივა ნამდვილად მნიშვნელოვანი ინიციატივა გახლავთ და ეს გამოჩნდა იმ რეაქციითაც, რომელიც ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს. მე დარწმუნებული ვარ, უბლოკო სტატუსს მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი. უბლოკო სტატუსი არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი რეალური შესაძლებლობა.  რაც შეეხება სპეკულაციებს, სპეკულაცია არის ის, რასაც აკეთებდნენ ამდენი ხანი ქართული პოლიტიკური სპექტრის ბევრი წარმოადგენელი, მათ შორის, სამწუხაროდ,  რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. სპეკულაცია არის ნატოში გაწევრიანებაზე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, სპეკულაცია არის ის, რომ დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიაჩნია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ვიდრე ქვეყნის გამთლიანება. რაც არ უნდა ჩაწეროს საქართვეოს კონსტიტუციაში დღევანდელმა პარლამენტმა, მით უმეტეს, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დასახელდა პოლიტიკური პარტიები ალიანსში, ნუ ისინი აღმოჩნდა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არიან იმაში, რასაც ჰქვია საქართველოს მოსახლეობსი მოტყუება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთად არიან იმაში, რასაც ჰქვია მოსახლეობის მოტყუება, რომ ნატო გადაგვარჩენს და ეს არის ტყუილი არავინ ჩვენ დაცვას არ აპირებს,”- განაცხადა ნინო ბირჯანაძემ.

მისივე განცხადებით, უბლოკო სტატუსი რუსეთთან მოლაპარაკებებს გახსნის.

ბურჯანაძე უბლოკო სტატუსის გამოცხადებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას მომავალი კვირიდან გეგმავს.

საქართველოში 2008 წელს ჩატარდა პლებისციტი კითხვით “უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)”, რომელზეც  საქართველოს მოსახლეობის 77% -მა დადებითი პასუხი გასცა და მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი