ახალი ამბები | ,

ხელისუფლება დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციას გეგმავს

12 აგვისტო, 2016 | | 1996
ხელისუფლება დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციას გეგმავს

საქართველოს მთავრობის დავალებით,   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობას გეგმავს.

სამინისტროს გავრცელებული განცხადების თანახმად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  დიდგორის მემორიალურ კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე მემორიალის ცალკეული ელემენტების: ქანდაკებებისა და ზარების რეაბილიტაცია.  ნიჩბისი-დიდგორი-დიდითონეთის საავტომობილო გზის ყველაზე გამორჩეულ ადგილებში მოეწყობა 3 გადასახედი (მისასვლელი გზების ჩათვლით).  ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი და საპირფარეშოები. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების- ,,ზედა საყუდარისა“ და ,,ქვედა საყუდარის“ მოწყობა.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მინისტრის განცხადებით, პროექტი მზად არის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის გამოცხადდდება ტენდერი და რა ვადებში შესრულდება სამუშაოები:

“ჩვენ მზად გვაქვს პროექტი. გზა მცხეთამდე უნდა გავიყვანოთ, დაახლოებით 26-კილომეტრიანი მონაკვეთია, კარგ გზას გავაკეთებთ. ეს არ იქნება მხოლოდ დიდგორზე მოსასვლელი გზა, არამედ სამხრეთ საქართველო დაუკავშირდება მცხეთას და აქედან, ძალიან მალე ავტობანს,” – ეს განცხადება რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა  დიდგორობის აღსანიშნავი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ  დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ დიდგორის ისტორიას, მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, შეიძინონ ქართული სუვენირები. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კონსულტაციას გაუწევს დიდგორის მემორიალური კომპლექსის ავტორი, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი