ახალი ამბები

ნავთობტერმინალი 117 თანამშრომელს დაითხოვს

26 მარტი, 2012 • 1477
ნავთობტერმინალი 117 თანამშრომელს დაითხოვს

ნავთობტერმინალში 117 ადამიანი სამსახურის დაკარგვას დღე-დღეზე ელოდება. ამის შესახებ ისინი ხელმძღვანელობისგან უკვე გაფრთხილებულნი არიან, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ. ნავთობტერმინალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი, ოჯახის ცნობით, თავი იმ დღეს მოიკლა, როცა მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს.

გარდაცვლილის მეუღლის ნაზი გოგეშვილის თქმით, ჯუმბერ ჭეფხოძემ თავი მოიკლა 23 მარტს, პარასკევს საღამოს, როცა სამსახურიდან დაბრუნდა:

“ბიულეტენზე იყო და იმ დღეს გავიდა სამსახურში. გულგახეთქილი მოვიდა სახლში. მითხრა, დავიღუპეთ, მგონი, სამსახურიდან გვიშვებენ, პოლიცია შემოყავთ ჩვენ ნაცვლად და დარჩა ჩვენი ბანკის ვალები გადაუხდელიო. სამი ათასი გვაქვს აღებული, თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ სულ მაგ ვალებზე ნერვიულობდა. ხელფასს აიღებდა თუ არა, ბანკში გარბოდა, ვალი არ დამედოსო. ვუთხარი, ნუ გეშინია, რამეს ვიზამთ-მეთქი, მაგრამ წავიდა და იმავე დღესვე დაიხალა ტყვია”.

ჯუმბერ ჭეფხოძე 63 წლის იყო და ნავთობტერმინალში 20 წელიწადი მუშაობდა: “გარაჟი სახლიდან მოშორებით გვაქვს, მანქანა შეიყვანა, მაგრამ რომ აღარ დაბრუნდა, რძალმა მიაკითხა. უკვე გარდაცვლილი იყო. სხვა შემოსავალი ოჯახს, მისი ხელფასის გარდა, არ აქვს. ერთი შვილი სასტუმროში მუშაობდა და ისიც შეამცირეს ერთი თვის წინ”.

ნაზი გოგეშვილთან სამძიმარზე მხოლოდ მისი მეუღლის თანამშრომლები მივიდნენ: “ტერმინალის ხელმძვანელობიდან არავინ შეგვხმიანებია”.

როგორც ქობულეთის პოლიციაში განაცხადეს, ჯუმბერ ჭეფხოძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე იმავე დღეს, 23 მარტს აღიძრა.

ტერმინალის ცენტრალური შესასვლელის კართან მდგარი დაცვის თანამშრომელი საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს: “რად გინდათ ჩემი სახელი და გვარი? ჩემნაირ მდგომარეობაში ასამდე კაცია,” – გვეუბნება იგი, თუმცა საკუთარ პრობლემებზე მაინც საუბრობს:

“ათი წელია ამ სამსახურში ვარ დასაქმებული, ხელფასი არ არის მაღალი, 400 ლარი გვეძლევა ხელზე, მაგრამ არსებობის საშუალება ხომ გვაქვს. ბანკიდან 4 000 დოლარი მაქვს გამოტანილი, შვილი მყავს ავად, თავში სამი კისტა აქვს და ოპერაცია სჭირდება. თუ სამსახურიდან გამიშვებენ, ვერც დაზღვევით ვისარგებლებთ. ამ ვალს გადახდა ხომ უნდა, ან ოჯახს მიხედვა, არ ვიცი, რა უნდა ვქნათ”.

“ბათუმელები” ტერმინალის დაცვის კიდევ ერთ თანამშრომელს გაესაუბრა. ვინაობის დასახელებისაგან მანაც შეიკავა თავი, თუმცა თანამშრომელთა სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა:

“თითქმის ყველას აქვს ბანკის ვალი. თუ სამსახურიდან გაუშვებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ეს ოჯახები”.

კიდევ ერთი თანამშრომელი კი, რომელიც გათავისუფლებას ელოდება, ამბობს, რომ ნავთობტერმინალის ხელმძღვანელობა თანამშრომლებთან მოლაპარაკებას ცალ-ცალკე აწარმოებს და ზოგიერთ მათგანს იმედს აძლევს სამსახურში დატოვების, რომ ასზე მეტი ადამიანის გათავისუფლებას პროტესტი არ მოჰყვეს:

“ზოგს პირდებიან, დაგტოვებთო, ამიტომაც ყველა თავს იკავებს, ჰგონიათ, რომ გადარჩებიან, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდება, რომ ყველას გაგვიშვებენ.”

როგორც ნავთობტერმინალის პროფკავშირების ხელმძღვანელი, დავით დობორჯგინიძე “ბათუმელებთან” საუბარში აცხადებს, ტერმინალის ხელმძღვანელობა 117 დაცვის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას აპირებს:

“კერძო დაცვას სამთავრობო პოლიცია უნდა ჩაენაცვლოს, როგორც ეს ფოთის ტერმინალში მოხდა. ვისი გადაწყვეტილებაა, ვერ გეტყვით, მაგრამ 4 აპრილს ტერმინალის ხელმძღვანელობა აპირებს დაცვის თანამშრომლებთან შეხვედრას და ვნახოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ – დატოვებენ ამ ადამიანებს, ან თუ გაუშვებენ, კომპენსაციას გადაუხდიან თუ – არა”.

როგორც დავით დობორჯგინიძე ამბობს, პროფკავშირები შეეცდება, ამ ადამიანების უფლებები ბოლომდე დაიცვას:

“ვიცით, რომ არსებული შრომის კოდექსი დამქირავებლის უფლებებს უფრო იცავს, ვიდრე – დასაქმებულის, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, კომპენსაციის გადახდაზე მაინც მივაღწიოთ შეთანხმებას. თუ ამ ადამიანების სასარგებლოდ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ ჩვენგანაც იქნება ადეკვატური რეაგირება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი