ახალი ამბები

რუსეთის მიერ დაბლოკილ 18.5 ტონა ქართულ ატამს საქართველო ლაბორატორიულ კვლევას ჩაუტარებს

11 აგვისტო, 2016 • 1934
რუსეთის მიერ დაბლოკილ 18.5 ტონა ქართულ ატამს საქართველო ლაბორატორიულ კვლევას ჩაუტარებს

გუუშინ, 10 აგვისტოს, როსელხოზნადზორმა კრასნოდარის ოლქში საქართველოდან ექსპორტიორებული 18.5 ტონა ატამის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა დაბლოკა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო, თავის მხრივ, ატმის ამ პარტიაზე ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებას გეგმავს.

ატმის უკან დაბრუნების მიზეზად ფიტოსანიტარული კონტროლის ვერგავლა სახელდება. კერძოდ, როსელხოზნადზორის  ინფორმაციით, ატმის ამ პარტიაში აღმოაჩინეს მავნე ორგანიზმი –  1 “აღმოსავლური ნაყოფჭამია”.

მათივე ცნობით, იმისათვის, რათა თავიდან აიცილონ მავნე ორგანიზმების რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელება, პროდუქცია გამომგზავნს უკან დაუბრუნდა.

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ რუსეთში გასაგზავნი ატმის ეს პარტია საქართველოში უკვე სერტიფიცირებული იყო.

“ტვირთის ექსპორტირებამდე ხდება ამ ტვირთის ინსპექტირება და დათვალიერება. ამის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, როდესაც ეჭვი წარმოიქმნება, ტარდება ლაბორატორიული კვლევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა. ეს ფაქტი არანაირ გავლენას არ იქონიებს საქართველო-რუსდეთის სავაჭრო ურთიერთობებზე,”- განუცხადეს ნეტგაზეთს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.

გადმოიტანეს თუ არა ეს ტვირთი უკან, საქართველოს ტერიტორიაზე და რომელ კომპანიას გადაჰქონდა ატამი, სურსათის ეროვნული სააგენტოს  პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ. ასევე არ არის ცნობილი, რომელ ლაბორატორიაში ჩატარდება განმეორებითი კვლევა. მათი ცნობით, ამჟამად დეტალებს არკვევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი