“თავისუფალი დემოკრატები” ეხმაურებიან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ალასანიას მიერ მათთვის მიწოდებული მასალები არანაირ ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს.
“თავისუფალი დემოკრატები” კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ დაძაბულობის პრევენციის მიზნით გადასცა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს ზუგდიდში არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების შესახებ მასალები, რომელიც, მათივე განმარტებით, მომზადდა “უკანასკნელი თვეების მანძილზე სამეგრელოს რეგიონიდან მოწოდებული და გადამოწმებული შეტყობინებების” საფუძველზე.
მასალებში ჩამოთვლილი იყო, როგორც ალასანია ამბობს, შეიარაღებული დაჯგუფებების ხელმძღვანელების, წევრებისა და მათი დისლოკაციის შესახებ მონაცემები.
“მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები,” – ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“თავისუფალი დემოკრატების” განცხადებით, უშიშროების საბჭომ დაადასტურა, რომ სიაში ჩამოთვლილი პირები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ან რეზერვისტები არიან, რითაც “გ. ბოკერიამ, ასევე, დაადუსტრა, რომ ზემოაღნიშნულ სიაში ჩამოთვლილი არაფორმალური ფორმირებების წევრები, რომელთაგან ზოგიერთი სავარაუდოდ კრიმინალური წარსულის მქონე ელემენტიცაა, ასევე, წარმოადგენენ სახელისუფლებო სტრუქტურებს.”
გიგა ბოკერიას თქმით კი, „სრულიად გაუგებარია მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიცია და შეიარაღებული ძალები არაფორმალური, უკანონო შენაერთები არიან.”
“საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დამნაშავის რეზერვის ნაწილად გამოცხადება და მათი კერძო სახლებში შეიარაღებით განთავსება, ხელისუფლების მხრიდან მორიგ უკანონობაზე მეტყველებს. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს რეზერვში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის გაწვევას”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე თქმით, “ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ირაკლი ალასანიას განცხადებების შემდეგ დაიწყო რეზერვისტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და საკუთარ ინტერესებზე მორგება და ნებაყოფლობითი რეზერვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაასახელა სწორედ კრიზისულ სიტუაციებში სამოქალაქო ხელისუფლების დახმარება, კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ჩვენს ვარაუდს ხელისუფლების გეგმების შესახებ.”
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა 15 მარტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამოთქვა ვარაუდი, რომ სააკაშვილი ემზადება სამოქალაქო ომისა და კონფრონტაციისთვის. მანვე დახმარებისთვის მიმართა დიპლომატიურ კორპუსს:
“სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ სიტუაცია ოქტომბრამდე. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად. ჩვენ, კოალიცია “ქართული ოცნება”, ვაცნობიერებთ, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა – საერთაშორისო თანამეგობრობა და ხელისუფლებაც,” – განაცხა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას თქმით, “აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან სირიის ქალაქ ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში“.
“თავისუფალი დემოკრატები” მოუწოდებენ უშიშროების საბჭოს მდივანს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
ამავე თემაზე:
უშიშროების საბჭო: ალასანიას მასალა ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს