ახალი ამბები

უშიშროების საბჭო: ალასანიას მასალა ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს

24 მარტი, 2012 • 1519
უშიშროების საბჭო: ალასანიას მასალა ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ირაკლი ალასანიას მიერ ამ უწყებისთვის გაგზავნილ დოკუმენტს ასაჯაროებს იმ მოტივით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, იმსჯელოს, თუ რამდენად სერიოზულია აღნიშნულ დოკუმენტში თავმოყრილი მონაცემები.

ბიძინა ივანიშვილის კოალიციისა და “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 20 მარტს გაუგზავნა მასალები, რომელშიც, როგორც თავად განაცხადა, ისეთი ინფორმაცია იყო თავმოყრილი, რომლის გასაჯაროებასაც ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოერიდა.

20 მარტს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ მხოლოდ რამდენიმე გვარი დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, “წარმოადგენენ სხვადასხვა სამართლებრივ სტრუქტურებს და ისინი აიარაღებენ, აკონტროლებენ და აფინანსებენ გასამხედროებულ დაჯგუფებებს სამეგრელოში”:

”არავისთვის არ არის დასამალი, რომ სამეგრელოში ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი. სწორედ მათ დაავალა სააკაშვილმა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება. თავად ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უბილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯალიას, ზვიად გაგუას, დავით დარცმელიძეს”, – განაცხადა ალასანიამ.

უშიშროების საბჭოსთვის ირაკლი ალასანიას მიერ გაგზავნილ წერილს ექსვგვერდიანი დანართი ახლავს, რომელშიც ჩამოთვლილია “დასავლეთ საქართველოში შექმნილი გასამხედროებული ჯგუფების” დისლოკაციის ადგილები და ამ ჯგუფების ხელმძღვანელი პირების შესახებ ინფორმაცია.

“მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის  არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები,” – ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავად ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ “გასამხედროებული დაჯგუფებების” წევრთა ნაწილი წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან და არ ირიცხებიან ოფიციალურ სტრუქტურებში:

“აქტიურად ხდება მათი შეიარაღება და დაფინანსება. მათი ე.წ. შტაბები დისლოცირებულია დასახლებულ პუნქტებში და მათი იქ ყოფნა ადგილობრივ მოსახლეობაში შიშს თესავს”.

ალასანიას წერილში საუბარია 350-კაციან დაჯგუფებაზე (სპეცდანიშნულების რაზმი), რომელიც დისლოცირებულია ქალაქ ზუგდიდში, კერძო სახლებში და რომელსაც ხელმძღვანელობს როლანდ ახალაიას (საქართველოს თავდაცვის მინისტრის მამა) ყოფილი დაცვის უფროსი კობა ახვლედიანი. ამავე წერილში არის აღნიშნული ჯგუფის მეთაურების ჩამონათვალი, რომლებიც, ალასანიას თქმით, იღებენ ხელფასს 2000 ლარს+პრემიები.

კიდევ ერთი დაჯგუფება, ირაკლი ალასანიას წერილის მიხედვით, დისლოცირებულია სოფელ ინგურში და მას მეთაურობს კობა თოდუა.

“ბაჩო ახალაიას დაჯგუფებას” უწოდებს ირაკლი ალასანია სარეზერვო ჯგუფებს, რომელშიც, მისივე თქმით, ჩართულია ეროვნული გვარდიის სარდალი მამუკა იოსავა, დასავლეთის მიმართულების სარდალი ზაზა ჯანჯალია, სენაკის მეორე ბრიგადის მეთაური დავით ფოფხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით დარცმელიძე და სხვა ოფიციალური პირები.

ალასანია წერილში ასევე მიუთითებს 25-25 –კაციან დაჯგუფებებზე სოფლებში – გრიგოლიში (მათაური: ბეჟან გვაზავა), ახალსოფელი (მეთაური: ფაცაცია), ჯიხაშკარი (მეთაური: ვახტანგ ზარანდია).

ალასანიას წერილში საუბარია კიდევ რამდენიმე დაჯგუფებაზე, რომელიც, მისი თქმით, აფხაზეთის კუდ-ის უფროსის, რომა შამათავას მიერ კონტროლდება. კიდევ ერთი დაჯგუფების აღწერილობაში ალასანია მიუთითებს, რომ საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ კონტროლირებადია 100-კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც დაკომპლექტებულია სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელებისაგან.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, „სრულიად გაუგებარია მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიცია და შეიარაღებული ძალები არაფორმალური, უკანონო შენაერთები არიან. მით უმეტეს, აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან სირიის ქალაქ ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში“.

ირაკლი ალასანიან 15 მარტს, “ქართული ოცნების” ლიდერების დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში გასამხედროებული ჯგუფები ყალიბდება. მისივე თქმით, სააკაშვილი ემზადება სამოქალაქო ომისა და კონფრონტაციისთვის. მანვე დახმარებისთვის მიმართა დიპლომატიურ კორპუსს:

“სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ სიტუაცია ოქტომბრამდე. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად. ჩვენ, კოალიცია “ქართული ოცნება”, ვაცნობიერებთ, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა – საერთაშორისო თანამეგობრობა და ხელისუფლებაც,” – განაცხა ირაკლი ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი