ახალი ამბები

მთავრობის ცნობით, ბორჯომის პარკში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია

11 აგვისტო, 2016 • 1592
მთავრობის ცნობით, ბორჯომის პარკში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია

პრემირ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ბორჯომის ისტორიული პარკში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია და პარკი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა.

10 აგვისტოს პარკში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. კვირიკაშვილთან ერთად პარკში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძეც.

4 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დატბორა, დაზიანდა ასფალტის საფარი, სახურავები, ძლიერმა ქარმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ბორჯომის ისტორიული პარკი დაზიანდა, სადაც ასწლოვანი ხეები წაიქცა და ხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა განადგურდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან:

“გზის გაწმენდითი სამუშაოებისთვის ახალციხიდან სპეციალური ტექნიკა გაიგზავნა. 5 აგვისტოს, დილითვე პლატოს გზის მნიშვნელოვანი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია გაწმენდილი იყო. შუადღიდან გაიხსნა ცენტრალური პარკის დასასვენებელი ზონა. ამჟამად ბორჯომის პარკში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია”,- ვკითხულობთ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი