ახალი ამბები

მთაწმინდაზე კიდევ ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

10 აგვისტო, 2016 • 4241
მთაწმინდაზე კიდევ ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

დროებითი შეზღუდვის დაწესებამდე თბილისის მერიამ მთაწმინდაზე რვასართულიანი კორპუსის პროექტი შეითანხმა და კოეფიციენტების ცვლილებაზე ბრძანებაც გასცა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

მთაწმინდის შესახვევისა და ნიაღვრის ქუჩის კუთხეში სამშენებლო კომპანია “Livein ლივინს” 8-სართულიანი კორპუსის აშენება სურს. სამშენებლო მიწის ფართობი 596 კვადრატული მეტრია, ხოლო განაშენიანების ფართობი 474.3 კვადრატული მეტრი. ამ ტერიტორიაზე ამჟამად ორი შენობა მდებარეობს.

თბილისის მერიაში წარდგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, კომპანია აცხადებს, რომ შენობა 8-სართულიანი ქნება, 0.00 ნიშნულს ზემოთ 7 სართული იქნება, ხოლო 0.00 ნიშნულს ქვემოთ 1 სართული, რომელიც ავტოსადგომისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც 16 ავტომანქანის განთავსება იქნება შესაძლებელი.

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია სადარბაზო და  საოფისე ფართი, დანარჩენ სართულებზე განთავსებულია საცხოვრებელი ფართები ტერასებითა და აივნებით.

ეზო, სადაც უნდა აშენდეს შენობა. ხედი დიანა კიზირიას მისაღები ოთახიდან

ეზო, სადაც უნდა აშენდეს შენობა. ხედი დიანა კიზირიას მისაღები ოთახიდან

შენობის პროექტი 2016 წლის 14 ივლისს შეთანხმდა, ხოლო კ1 და კ2 კოეფიციენტის გადამეტებაზე მერიისგან ნებართვა აპრილში მიიღეს. თბილისის მერის, დავით ნარმაიას ბრძანების მიხედვით, კოეფიციენტების გადაჭარბების სანაცვლოდ კომპანიამ მოსაკრებლის სახით 178 018 ლარი გადაიხადა.

შენობის სიმაღლე 27.7 მეტრია. სწორედ ეს კედელი ესაზღვრება დიანა კიზირიას სახლს, რომელსაც საპროექტო ტერიტორიასთან საერთო ღობე აქვს. დიანა კიზირია ამბობს, რომ შენობის აშენების შემთხვევაში- რადგან მისი სახლის სასტუმრო ოთახისა და საძინებლის ფანჯრები იმ მხარესაა, სადაც კორპუსი უნდა აშენდეს- ეს ოთახები დაბნელდება.

“ადამიანების დისკრიმინაცია ასე შეიძლება, რომ  მზე მოაკლო, ჰაერი მოაკლო?! ხმაური იქნება საშინელი – რამდენი აივანი და გარაჟი იქნება”, – ამბობს დიანა კიზირია.

კიზირიას თქმით, მისი ფანჯრების წინ, 7 მეტრის მოშორებით იქნება საცხოვრებელი კორპუსის აივნები. ამის გარდა შენობა, რომელიც ამჟამად საპროექტო ტერიტორიაზე დგას, კიზირიას სახლს ებჯინება. იგი შიშობს, რომ სამშენებლო სამუშაოები მის სახლსაც დააზიანებს.

როგორც კიზირია ამბობს, მშენებლებმა მასაც შესთავაზეს სახლის დანგრევა, თუმცა მის საკუთრებში არსებული 400 კვადრატული მეტრის ნაცვლად 250კვადრატული მეტრის მიცემა შესთავაზეს, რაზეც არ დათანხმდა.

“ეს მშენებლობა გარშემო ყველას უშლის ხელს, იერს კარგავს მთაწმინდა, იყოს მწვანე წერტილები, სულ ბეტონის ტყეში ხომ არ ვიქნებით?” – ამბობს კიზირია.

ეზო, სადაც უნდა აშენდეს შენობა. ხედი დიანა კიზირიას სახლიდან

ეზო, სადაც უნდა აშენდეს შენობა. ხედი დიანა კიზირიას სახლიდან

იგი იხსენებს მეზობლად სხვა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას, როდესაც ასფალტი ჩაინგრა და სატვირთო ავტომანქანა ძველ სანიაღვრეში ჩავარდა. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე მიწის ქვეშ დიდი ზომის სანიაღვრეებია დატოვებული და შესაძლოა მომავალ მშენებლობასაც ხელი შეუშალოს.

კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგება ბუბა სვიმონიშვილი, რომელიც ნიაღვრის ქუჩაზე ცხოვრობს და კორპუსის ავტოსადგომის შესასვლელი მისი აივნის წინ მოხვდება.

“ამათ უნდათ, რომ ფარეხში მაცხოვრონ მთელი დარჩენილი ცხოვრება, ასე არ არის, სხვისი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინო”, – ამბობს ბუბა სვიმონიშვილი.

მთაწმინდის შესახვევის 13 ნომერი, სააც უნდა აშენდეს აღნიშნული შენობა

მთაწმინდის შესახვევის 13 ნომერი, სააც უნდა აშენდეს აღნიშნული შენობა

ბუბა სვიმონიშვილის თქმით, კიდევ ერთი მაღალსართულიანი შენობის აშენება მთაწმინდაზე, ისტორიულ უბანში არ შეიძლება, რადგან მთაწმინდა კარგავს თავის იერსახეს და აქ მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობები უარესდება.

“ადრე ცნება იყო მთაწმინდის სიო. ეს ცნება მოიშალა იმიტომ, რომ აღარ არსებობს მთაწმინდის სიო, რადგან ჩადგეს [მაღალსართულიანი შენობები]“, – ამბობს სვიმონიშვილი.

სვიმონიშვილმა საინიციატივო ჯგუფი “დავიცვათ მთაწმინდა” ჩამოაყალიბა, რათა დაიცვან მთაწმინდა ისეთი ჩარევებისგან, რომელიც უბანს ძველ იერსახეს დაუკარგავს.

სვიმონიშვილი ამბობს, რომ მერიამ ამ კორპუსის მშენებლობის ნებართვა მანამდე არ უნდა გასცეს, სანამ თბილისის გენგეგმაზე მუშაობა არ დასრუდება, რადგან იმედოვნებს, რომ ახალი გენგეგმის პირობებში ასეთ მშენებლობაზე ნებართვა აღარ გაიცემა.

მთაწმინდის შესახვევის 13 ნომერში მშენებლობის პროექტი

მთაწმინდის შესახვევის 13 ნომერში მშენებლობის პროექტი

სვიმონიშვილს მიაჩნია, რომ ისტორიულ უბანში პროექტი საერთაშორისო კონკურსის წესით უნდა შეირჩეს, სადაც გაითვალისწინებენ მთაწმინდის მნიშვნელობას და მასახიათებლებს.  

სვიმონიშვილი გაკვირვებულია ხელოვნებათმცოდნე მარინა ხატიაშვილის მიერ შედგენილი სახელოვნებთმცოდნეო დასკვნით, რომელიც ახალი შენობის აშენების დასაშვებობას იმით ასაბუთებს, რომ გვერდით სხვა შენობები დგას, რომელიც ამახინჯებს მთაწმინდას.

„ისტორიული განაშენიანების ქუჩათა ქსელის მაშტაბი დარღვეულია საპროექტო ტერიტორიის  კორპუსების უსახური მასებით, აქედან გამომდინარე შესაძლებელია გაჩნდეს ვერტიკალური მახვილი (ახალი შენობა), რომელიც გვერდით მდგომი მაღლივი კორპუსის  უსახურ ფასადს გადაფარავს“, – წერია ხელოვნებათმცოდნის დასკვნაში.

ბუბა სვიმონიშვილი კითხვას სვამს- ამ მავნე ტრადიციას, მთაწმინდაზე ერთი სიმახინჯის მეორე არანკლები სიმახინჯით გადაფარვის პერმანენტულ პროცესს, არ უნდა მოეღოს ბოლო?!

ბუბა სვიმონიშვილმა მერიას რამდენიმე წერილით მიმართა და იმედი აქვს, რომ მთაწმინდა გახდება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, შენარჩუნდება მისი ტრადიციული სახე, აღდგება და შეკეთდება  შენობები, გაიხსნება პატარა კაფეები, სასტუმროები, მაღაზიები, გალერეები.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა მთაწმინდის შესახვევ #13-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.

არქიტექტურის სამსახური აცხადებს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების  საჩივრის გამო მერიაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომაც გამართა, სადაც მოისმინეს მომჩივანთა პრეტენზიები და ნაკვეთის მესაკუთრის წარმომადგენლი არგუმენტები.

სწორედ მხარეთა პოზიციებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების შედეგად იქნა მიღებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება, აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი