ახალი ამბები

პრეზიდენტი: ივა ჩიღვინაძე მკვლელობისთვის არ იყო გასამართლებული

9 აგვისტო, 2016 • 1383
პრეზიდენტი: ივა ჩიღვინაძე მკვლელობისთვის არ იყო გასამართლებული

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ივა ჩიღვინაძეს, რომელიც მან კონსულტანად დანიშნა, მკვლელობაში  დებს ბრალს.

“როდესაც ადამიანს აბრალებ მკვლელობას, როდესაც პრეზიდენტს აბრალებ გარდაცვლილთა უპატივცემულობას, პოლიტიკაშიც უნდა იყოს ალბათ რაღაც ლიმიტები”, – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროს” “ღამის კონტაქტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩიღვინაძე მარგველაშვილმა კონსულტანტად დანიშნა, თავდაპირველად ენმ–ის წევრმა, პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა ფეისბუკში:

“მაინტერესებს, მართალია თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარგველაშვილმა თავის მრჩევლად ივა ჩიღვინაძე დანიშნა. ეს ის ჩიღვინაძეა, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა და რომელიც ბესელიამ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა”.

“ის მკვლელობისთვის არ იყო გასამართლებული… ივა დაიჭირეს და აწამეს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, – “როდესაც შენს მიერ ნაწამებ ადამიანს კიდევ ბრალდებას წაუყენებ, რომ ის ყოფილა მკვლელი… ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო კიდევ ერთხელ ამ ადამიანის ღირსების და უფლებების შემლახავი”.

გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ ივა ჩიღვინაძე იმუშავებს, რათა გაირკვეს, თუ რა ეტაპზეა გახმაურებული პოლიტიკური საქმეები.  მან მაგალითად დაასახელა ფოტოგრაფების საქმე, რომელსაც, მათი მოთხოვნის მიუხედავად, არ ეხსნება საიდუმლო გრიფი. ასევე, პატიმართა წამების საქმეების მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მოძიება:

“გაგვაგებინონ წამების საქმეები, რომელსაც ქუჩაში ჩვენება კი არ სჭირდებოდა, არამედ გამოძიება – რამდენი ადამიანი იდევნება ამ საქმეებისთვის,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ივა ჩიღვინაძე ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ–ერთი მსხვილი შემწირველი იყო. ჩიღვინაძემ 2011 წლის 26 მაისს დააპატიმრეს. პოლიციის განცხადებით, ის ნინო ბურჯანაძის ესკორტის ორი მანქანიდან ერთ–ერთს მართავდა, რომელიც რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. შეჯახების დროს ერთი პოლიციელი გარდაიცვალა. ჩიღვინაძე 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

ივა ჩიღვინაძეს ფინანსური დავა ჰქონდა კაზინო “აჭარასთან”, რომელიც 2013 წლის ივნისის თვეში მოიგო და “აჭარას” მის სასარგებლოდ დაახლოებით 2.4 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

მოგვიანებით, 2014 წლის მარტში ჩიღვინაძე პოლიციას კიდევ ერთხელ ჰყავდა დაკავებული, ამჯერად – იარაღის უკანონო ტარებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი