ახალი ამბები

პუტინი ერდოღანს თურქეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს სთავაზობს

9 აგვისტო, 2016 • 1499
პუტინი ერდოღანს თურქეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს სთავაზობს

დღეს, 9 აგვისტოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა სანკტ-პეტერბურგში. BBC-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა პუტინს მადლობა გადაუხადა თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ მხარდაჭერისათვის, რუსეთის პრეზიდენტმა კი მას “უფრო მჭიდრო კავშირები” შესთავაზა.

როგორც “ბიბისი” წერს, თურქეთიდან გამგზავრებამდე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ვლადიმირ პუტიმს “მეგობარი” უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში “ახალი ფურცლის გადაშლა” სურს. როგორც ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა, მათი საუბარი შეეხებოდა “ურთიერთობების მთელ რიგს, მათ შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენასა და ტერორიზმთან ბრძოლას”.

თურქეთში 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ეს პრეზიდენტ ერდოღანის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. ასევე, 9 აგვისტოს შეხვედრა თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრაა თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და, 10-ჯერ გაფრთხილების მიუხედავად, არ დატოვა საზღვარი. თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ივნისში ერდოღანმა ბოდიში მოიხადა.

მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსეთმა თურქეთთან სავაჭრო სანქციები დააწესა. ვლადიმირ პუტინმა 9 აგვისტოს შეხვედრისას ერდოღანს უთხრა, რომ რუსეთი მზადაა, აღადგინოს ეკონომიკური თანამშრომლობა თურქეთთან.

15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ერდოღანს, თუმცა, დასავლელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არ გაუკრიტიკებია ერდოღანის რეჟიმის სადამსჯელო ღონისძიებები პოლიტიკური ოპონენტებისა და ფეტულა გიულენის მხარდამჭერების წინააღმდეგ.

რუსეთი თურქეთს ადანაშაულებდა სირიაში პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფების მხარდაჭერაში, მათ შორის ისეთი ჯგუფების, რომლებიც რუსეთში ტერორიზმში არიან ბრალდებული. თავის მხრივ, ერდოღანი რუსეთს ადანაშაულებდა ქურთისტანის მუშათა პარტიისა (PKK) და მისი მხარდამჭერების იარაღით მიწოდებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი