
დაზიანებული წყლის აუზის გამო, ქუთაისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე წყლის ნიაღვარი მუდმივად მოედინება, რაც მოსახლეობას მთელ რიგ პრობლემებს უქმნის.
“გავაღებ თუ არა კარს, ვუყურებ, როგორ ნიაგარასავით მოედინება ქუჩაში წყალი. ჯერ ერთი, ამდენი წყალი ტყუილად იღვრება და იკარგება, მეორეც – ანტისანიტარიაა. მთელი წელი მწერებს ვერ ვიშორებ,“- ამბობს თეა ჩეჩელაშვილი, რომელიც სხირტლაძის ქ. #1-ში ცხოვრობს.

სხირტლაძის ქუჩის გარდა, უკვე რამდენიმე წელია, ეს პრობლემა აწუხებთ ქუთაისში, რუსთაველის მე-4, მე-6 და მე-8 ჩიხების მცხოვრებლებს. ამ ქუჩებზე უკვე მუდმივ რეალობადაა ქცეული წყლის გუბეები, წყლის ნიაღვრისგან ჩამორეცხილი ნაგვის გროვა და ანტისანიტარია.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი განმარტავს, რომ ამ ქუჩების მოსახლეობას პრობლემას გორის უბანში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #20 საჯარო სკოლის გვერდით მდებარე წყლის აუზი უქმნის, საიდანაც წყალი ჟონავს, დრენაჟის არხით გამოდის სკოლის კუთხეში და ჩამოედინება ქვედა ქუჩებზე.

„სხირტლაძის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. წყალმომარაგების კომპანიას უკვე გაკეთებული აქვს პროექტი და მალე ვაჟა-ფშველას აუზი პროექტს რეაბილიტაციაზე გავუშვებთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ უბანზე არსებული წყლის სისტემის პრობლემა ამ წლის განმავლობაში მოვაგვაროთ,“ – აცხადებს ჭანჭალეიშვილი.
იმის მიუხედავად, რომ სხირტლაძის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი არ განხორციელებულა, ამ ქუჩის მცხოვრებლებს წყალმომარაგების კომპანიამ წყლის მრიცხველები ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაუმონტაჟა.








