ახალი ამბები

პარლამენტის მიერ მიღებული 5 ყველაზე კარგი და ცუდი კანონი [ინფოგრაფიკა]

9 აგვისტო, 2016 • 5362
პარლამენტის მიერ მიღებული 5 ყველაზე კარგი და ცუდი კანონი [ინფოგრაფიკა]

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა არაერთი ისეთი კანონი მიიღო,  რომელმაც უკმაყოფილება გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. “ნეტგაზეთი” შეეცადა შეეჯამებინა ყველაზე ცუდი და კარგი კანონები, რაც პარლამენტმა ბოლო ოთხი წლის მანძილზე მიიღო და ამისთვის დაუკავშირდა სახალხო დამცველის ოფისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ადამიანის უფლებების სწალებისა და მონიტორინგის ცენტრს [EMC].

ამ ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პარლამენტის მიერ მიღებული საუკეთესო კანონების ხუთეული ასე გამოიყურება: 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი [მიღების თარიღი: 12.06.2015]; 2. ანტიდისკრიმინაციული კანონი [მიღების თარიღი: 02.05.2014]; 3. ქმედუუნარობის სისტემის რეფორმის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებები [მიღების თარიღი: 20.03.15]; 4. მართლმსაჯულების პირველი ტალღის ფარგლებში მიღებული კანონები [მიღების ტარიღი: 2013 წლის მაისი];  5. არასრუწლოვანთა ქორწინების შეზღუდვა [მიღების თარიღი: 16.12.2015 ].

EMC-ის, საიასა და ომბუდსმენის ოფისის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე ცუდი კანონების ხუთეული ასე გამოიყურება: 1. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები [EMC-ის, საიას, ომბუდსმენის ოფისის შეფასებით];  2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონი, რომელიც მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო [საიას და ომბუდსმენის ოფისის შეფასებით]; 3. პროკურატურის რეფორმის ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან მათი შეფასებით, ცვლილება მხოლოდ მთავარი პროკურორის არჩევა/დანიშვნის საკითხს შეეხო და მას პროკურტურის ფუნდამენტური რეფორმირება არ მოჰყოლია [EMC-ის და საიას შეფასებით]; 4. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები, რომელიც მოწმეთა მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის წესს ეხება [მხოლოდ ომბუდსმენის ოფისის შეფასებით]; 5.საპოლიციო გამოსახლების გაუქმება[მხოლოდ ომბუდსმენის ოფისის შეფასებით].


ყველაზე ცუდი და კარგი კანონების ჩამონათვალის გარდა, ჩვენ ჩვენს რესპონდენტებს ვთხოვეთ, გამოეყოთ ისეთი კანონპროექტები, რომლებიც, მათი აზრით, პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა და არ დაამტკიცა.

ომბუდსმენის საპარლამენტო მდივნის, ეკა ფოფხაძის განცხადებით, სახალხო დამცველმა პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო წინადადებით, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებას. ამ ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები გადასინჯოს:

“სწორედ ეს უკავშირდებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმს. ეს ძველ საქმეებზეც უნდა გავრცელებულიყო. სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს ინიციატივა კანონად არ აქცია,” – ამბობს ფოხაძე.

სოფო ვერძეულის  და  ეკა ფოფხაძის აზრით,  ძალიან მნიშვნელოვანი იყო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის განხორციელება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საკითხზე კონსესუსი არ არსებობს და რეფორმაზე მუშაობა მომდევნო მოწვევის პარლამენტს მოუწევს.

ანა ნაცვლიშვილის აზრით, პარლამენტს ფემიციდის და სექსუალური შევიწროების შესახებ  კანონი უნდა დაემტკიცებინა. ფემიციდზე კანონპროექტი პარლამენტმა პირველივე მოსმენით ჩააგდო.  სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, ხოლო მეორე მოსმენისას ჩააგდო.

გარდა ამ კანონებისა, საიასა და EMC-ში მიიჩნევენ, რომ პარლამენტს სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონიც უნდა დაემტკიცებინა. პარლამენტი კვოტირების შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული, თუმცა კენჭისყრაზე არც ერთი მათგანი გასულა, რადგან კანონპროექტის ავტორების თქმით, საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს:

“ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და ქალთა როლის წარმოჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კვოტირების სისტემის დანერგვა. სამწუხაროა და  სამარცხვინოა პარლამენტისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას მხარი არ დაუჭირა,”- აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის  თქმით, ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეყო რესურსი, რომ ნაკლებად ეზრუნა საკუთარ ინტერესზე და სახელმწიფო ინტერესზე გაემახვილებინა ყურადღება. სწორედ ამას უკავშირებს ნაცვლიშვილი იმას, რომ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის რეფორმა არ განახორციელა, რაც მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.

EMC-ში მიიჩნევენ, რომ პარლამენტი მზად არ აღმოჩნდა, მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკით შეეცვალა.

პარლამენტის მუშაობის შეფასებისას, ანა ნაცვლიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ როგორ რეაგირებდა ის დროებითი საპარლამენტო საგამოძებო კომისიის შექმნის საკითზე:

“არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები გამოდიოდნენ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.  არც ერთი ასეთი ინიციატივა იქნა გაზიარებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დარჩა გამოუყენებელი.”

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მისი ფუნქციის შესრულებისას სუსტია და აღმასრულებელ ხელისუფლებას სათანადოდ არ აკონტროლებს:

“იყო კარგი პრაქტიკის შექმნის მცდელობები, რომ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები პარლამენტში მისულიყვნენ და ანგარიში ჩაებარებინათ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ საერთო ჯამში, აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლი  ძალიან სუსტი რჩება. შემდეგი პარლამენტისთვის ეს უნდა იყოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, თუ ყველაზე მთავარი არა,” – ამბობს ნაცვლიშვილი და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ საკანონმდებლო ცვლილებების იდეები შემუშავდება უფრო მეტად პარლამენტში, ვიდრე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი