ახალი ამბებისამართალი

ახალი დეტალები “კაბელების საქმეზე” საკონსტიტუციო სარჩელის რეგისტრაციის საკითხზე

6 აგვისტო, 2016 • 1769
ახალი დეტალები “კაბელების საქმეზე” საკონსტიტუციო სარჩელის რეგისტრაციის საკითხზე

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის შემადგენლობა, მერაბ ტურავას გარდა, აქვეყნებენ წერილს, სადაც განმარტავენ ე.წ. კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სარჩელის რეგისტრაციის საკითხს, რაც საეჭვო გახადა თავის საჯარო განცხადებებში მერაბ ტურავა.

მოსამართლეების – კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძისა და მაია კოპალეიშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილი არ ჰქონია ერთი და იგივე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებას ორ სარჩელზე, რომლებიც განსხვავდება შინაარსით, როგორც ეს ტურავამ ამცნო საზოგადოებას.

“3 ივნისს, დაახლოებით დილის 11 საათზე, მოსარჩელეების წარმომადგენლებმა კონსტიტუციური სარჩელით საჯაროდ, მედიის თანდასწრებით, მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და განაცხადეს, რომ ასაჩივრებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლს (მითვისება ან გაფლანგვა). სარჩელის ფორმალური შემოწმების პროცესში, მოსარჩელეების წარმომადგენლებმა ითხოვეს დამატებითი დრო კონსტიტუციური სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაზუსტებლად, რის შედეგადაც რეგისტრაციის პროცესი შეჩერდა. რეგისტრაციის პროცესში, მით უფრო, მის დასრულებამდე, მოსარჩელეებს აქვთ კანონმდებლობით გარანტირებული შესაძლებლობა, დააზუსტონ, განავრცონ სასარჩელო განცხადება. არგუმენტაციის დამატების შესაძლებლობა მოსარჩელეებს აქვთ რეგისტრაციის დასრულების შემდგომშიც, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

8 ივნისს პირველი კოლეგიას ჩანიშნული ჰქონდა საქართველოს მოქალაქე – გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც გასაჩივრებული იყო, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის იგივე 182-ე მუხლი. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დავის საგნის იგივეობის შემთხვევაში, სარჩელები, როგორც წესი, ერთიანდება ერთ საქმედ. სწორედ ამიტომ, ე.წ. კაბელების საქმეზე პირველად დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი სარჩელის ელექტრონული ვერსია, სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, ინფორმაციის სახით დუყოვნებლივ გაეგზავნა პირველი კოლეგიის ყველა წევრს ელექტრონული ფოსტით, რათა კოლეგიას მისცემოდა შესაძლებლობა, დროულად გაცნობოდა საქმეს.

მოსარჩელეეების წარმომადგენლების მიერ კონსტიტუციური სარჩელი საბოლოო სახით შემოტანილი იქნა იმავე დღეს (შუა დღისთვის), და მას მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი 764. ხოლო 4 ივნისს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა ელექტრონული ფოსტით გამოაგზავნეს რეგისტრირებული სარჩელის ტექსტის ელექტრონული ვერსია, რომელიც საოგრანიზაციო სამსახურმა ასევე მიაწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. სწორედ ამიტომ მოსამართლეებს ჰქონდათ ორი განსხვავებული ტექსტი – 3 ივნისს გამოგზავნილი ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი სარჩელის ტექსტი და 4 ივნისს გამოგზავნილი დარეგისტრირებული სარჩელის ტექსტი.

როგორც უკვე აღინიშნა, 6 ივნისს კოლეგიის წევრებმა იმსჯელეს სარჩელის დასაშვებობაზე, მათ შორის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. აღნიშნული მსჯელობის შედეგად, პირველი კოლეგიის წევრებმა, მოსამართლე მერაბ ტურავას ჩათვლით, მიიჩნიეს, რომ არ არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც დასტურდება მიღებული საოქმო ჩანაწერით”, – ნათქვამია მოსამართლეების განცხადებაში.

ამავე განცხადებით ირკვევა, რომ ე.წ კაბელების საქმეზე სარჩელით სადავოდ გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) კონსტიტუციურობის საკითხი ისედაც იხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხვა საქმის ფარგლებში.

“შესაბამისად, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სადავოდ გამხდარი საკითხები შეფასდებოდა და გადაწყდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განურჩევლად იმისა, მიმართავდნენ თუ არა ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით”, – აცხადებენ მოსამართლეები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოსამართლე მერაბ ტურავამ საჯაროდ განაცხადა, რომ 3 ივნისს მან მიიღო ე.წ. კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სარჩელი რეგისტრაციის ნომრით 764, ხოლო მეორე დღეს 4 ივნისს იგივე რეგისტრაციის ნომრით უკვე სამი გვერდით გაზრდილი სარჩელი. ტურავა აღნიშნავდა, 4 ივნისის ვარიანტში დამატებული იყო სასარჩელო მოთხოვნები და მითითებული იყო დამატებით კონსტიტუციის მუხლები, რაც დაუშვებელია კანონით, როცა სარჩელი უკვე რეგისტრირებულია. “ქართული ოცნების” ლიდერებმა ამ საკითხზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს, ვინაიდან მათი ვარაუდით შესაძლოა იკვეთებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი