ახალი ამბები

ალასანია:შეიარაღებულ ფორმირებებს ახალაიები ქმნიან

20 მარტი, 2012 •
ალასანია:შეიარაღებულ ფორმირებებს ახალაიები ქმნიან

”თავისუფალი დამოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებას “ახალაიების კლანი” ხელმძღვანელობს.

”არავისთვის არ არის დასამალი, რომ სამეგრელოში ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი. სწორედ მათ დაავალა სააკაშვილმა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება. თავად ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს  რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უგილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯალიას, ზვიად გაგუას, დავით დარსმელიძეს. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამართლებრივ სტრუქტურებს, ისინი აიარაღებენ, აკონტროლებენ და აფინანსებენ ზემოაღნიშნულ დაჯგუფებებს”, განაცხადა ალასანიამ  20 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე პირველად 15 მარტს დიპლომატებთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დეტალებს საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანებდა.  მან დღეს ისაუბრა დამატებით ამ საკითხზე.

ალასანია განმარტავს, რომ  შეიარაღებული ჯგუფები, რომლებზეც საუბრობს,  არ არიან რეზერვისტთა ჯგუფები.

” მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა იქმნებოდეს რეზერვი. რეზერვისტები დარეგისტრირებული არიან კერძო დისლოკაციის ადგილებზე და არ გადაადგილდებიან შეიარაღებით, არ იღებენ ხელფასს. ამ შემთხვევაში კი  შეიარაღებული დაჯგუფებები ექვემდებარებიან კონკრეტულ  სამართალდამცავ სტრუქტურების თანამდებობის პირებს და არა შეიარაღებულ ძალებს”.

მისი თქმით, არსებული დაჯგუფებების ერთადერთი მიზანია, მოქალაქეებს აუკრძალოს და შეუზღუდოს  არჩევნებში თავისუფალი ნების გამოხატვა. ალასანია მიმართავს სააკაშვილსაც, გაიზიაროს ეს ინფორმაცია და მიიღოს გადაწყვეტილება ამ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების  დაშლის შესახებ.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი აცხადებს, რომ  მის ხელთ არსებულ ინფორმაციას “ბანდ  ფორმირებების შესახებ” საჯაროს ვერ გახდის, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია.  ალასანია აპირებს, მის ხელთ არსებულ ინფორმაცია გადაუგზავნოს უშიშროების საბჭოს და მათგან დაელოდება ქმედებებს.  ალასანია მიიჩნევს, რომ დიპლმატებს, დაინტერესების შემთვევაში, უშიშროების საბჭოსგან შეეძლებათ ინფორმაციის მიღება.

ირაკლი ალასანიას აცხადებს, რომ  თბილისშიც იქმნება  მსგავსი დაჯგუფებები, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული პიროვნებები, ვინც ჩართული არიან ამ პროცესში.

ალასანიამ 15 მარტს, როცა პირველად ისაუბრა ამ თემაზე, განაცხადა, რომ ხელისუფლება სამოქალაქო ომისთვის ემზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი