არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო” განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანასკნელი თვის მანძილზე საქართველოში კვლავ თავი იჩინეს თემებმა, რომლებიც ხელს უწყობენ ეთნოსთაშორისი და რელიგიათშორისი შუღლის გაღვივებას.
“ბათუმში ოსმალეთის სულთნის – აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობის, ბორჩალოში (ქვემო ქართლი) საზღვარგარეთ მოღვაწე საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული ასამბლეის ინიციატივა საზოგადოებრივი პარლამენტის შექმნის, რუსეთის ჯავახეთის სათვისტომოს განცხადებები ჯავახეთში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობის საკითხები იწვევს ქართული საზოგადოების მუდმივ დაძაბულობას უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. უმცირესობათა აგრესიის პროვოცირება კი, თავის მხრივ, იწვევს ქსენოფობურ დამოკიდებულებებს, რაც კონფლიქტის წარმოქმნისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს,”-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ბორჩალოში (ქვემო ქართლი) საზღვარგარეთ მოღვაწე საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული ასამბლეის ინიციატივით საზოგადოებრივი პარლამენტის შექმნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ რუსულენოვან გამოცემაში გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ქვემო ქართლში, ბორჩალოში საზოგადოებრივი პარლამენტი დაფუძნდა, რომელიც ბორჩალოს ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას კოორდინაციას გაუწევს.
რაც შეეხება ჯავახეთში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობის საკითხზე რუსეთის ჯავახეთის სათვისტომოს განცხადებებს, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ცალკეული პირების განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
“მრავალეროვანი საქართველო” შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, სიფრთხლით მოეკიდონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის პუბლიკაციასა და თავი შეიკავონ ისეთი ტერმინილოგიის გამოყენებისგან, რომელიც ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ სიძულვილს შეიცავს.
სიძულვილის ენის შემოგდება, “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარის, ანრლოდ სტეფანიანის განმარტებით, ძირითადად, სხვა ქვეყნებიდან ხდება. ის საქართველოში ეთნიკური კონფლიქტების გაღვივების ერთ-ერთ ინიციატორად რუსეთს მოიაზრებს.
“როგორც წესი, ორი პროვაიდერია, რუსეთის ე.წ ჯავახკის დიასპორა და აზერბაიჯანული ნაციონალური დიასპორა, როგორც ჩანს, ისინი ტანდემში მუშაობენ. განცხადებებს ორი-სამი კვირის სხვაობით აკეთბენ, ერთი –ქვემო ქართლზე, მეორე – ჯავახეთზე.
ეს სქემა მუშაობს ასე, ხდება დეზინფორმაციის შემოგდება, შემდეგ უკვე პროვაიდერები მუშაობენ და იტაცებს პრესა, პოლიტიკური პარტიები, ექპერტები და ა.შ ყოველივე ეს იწვევს უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას, რომელიც ასევე ცნობილი ხდება უმცირესოებებისთვის. უკურეაქცია კი ახალ კონფლიქტებს იწვევს,”-ამბობს სტეფანიანი.