ახალი ამბები

აშშ თურქეთისთვის გიულენის გადაცემას არ აპირებს

5 აგვისტო, 2016 • 1477
აშშ თურქეთისთვის გიულენის გადაცემას არ აპირებს

თურქეთის მხრიდან აშშ-სთვის გადაცემული მტკიცებულებები აშშ-ის ოფიციალური პირებისათვის საკმარისი არ არის პენსილვანიაში მცხოვრები ყოფილი იმამის, ფეტულა გიულენის თურქეთისათვის გადასაცემად, — წერს “უოლ სტრიტ ჯორნალი” (WSJ). ალჯაზირას ცნობით, თურქეთის სასამართლომ 5 აგვისტოს ოფიციალურად გამოსცა ფეტულა გიულენის დაკავების ორდერი.

აშშ-ის და თურქეთის ოფიციალური პირები, WSJ-ის ცნობით, დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ ფეტულა გიულენის ექსტრადირების საკითხს. თუმცა, ჟურნალის ინფორმაციით, თურქეთმა აშშ-ის მხარე ვერ დაარწმუნა, რომ წარდგენილი მტკიცებულებები გიულენის ექსტრადირების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ფეტულა გიულენი თურქეთში დაბადებული სასულიერო პირია — ყოფილი იმამი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში, პენსილვანიაში ცხოვრობს. თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის აჯანყების დაგეგმვაში სწორედ მას ადანაშაულებს და აშშ-ისაგან 75 წლის გიულენის გადაცემას ითხოვს. მათი პოზიციით, გიულენი ხელმძღვანელობმა გადატრიალების მცდელობას და პასუხისმგებელია 271 ადამიანის სიკვდილზე. თუმცა თურქეთს ჯერ ფორმალურად არ მოუთხოვია გიულენის ექსტრადიცია.  თვითონ გიულენი კი აჯანყებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

თურქეთში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რასაც წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ამბოხებულთათვის წაუმატებლად დასრულდა. 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 271 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცავებმა 37 500 საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000 მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია და 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ს არ მიუღია და გიულენის ექსტრადიციაზე დისკუსიები, როგორც “უოლ სტიტ ჯორნალი” წერს, თვეობით გაგრძლედება. თუმცა, როგორც WSJ წერს, მრავალი ადამიანი, რომელიც ექსტრადაციის საკითხის განხილვაში იღებს მონაწილეობას, ვერ წარმოიდგენს ისეთ სცენარს, რომელშიც ფეტულა გიულენი თურქეთს გადაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი