ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა

16 მარტი, 2012 •
“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა

„სტუდენტური თვითმმართველობა, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” თანამედროვე კომკავშირი. მასში გაერთიანებული სტუდენტები არბევენ და ატერორებენ ისეთ სტუდენტებს, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათ მიმართ. შსს-ს განცხადება მოძალადე სტუდენტების სიტყვიერ გაფრთხილებასთან დაკავშირებით – კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია”, – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქუთაისში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში აქტუალურია განათლების პრობლემა:

“სტუდენტებს არ შეუძლიათ ხარისხიანი განათლების მიღება და ფასიც სწავლის ხარისხთან ძალიან შეუსაბამოა. ჩვენ გვყავს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, რადგან სწავლის საფასურის დაფარვა ვერ შეძლეს. რაც შეეხება სტუდენტურ სესხს – ის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხისგან, საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია. აუცილებელია კერძო სექტორის წახალისება, რომ მათ სესხის პირობები ნორმალური იყოს.”

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამასაც. მამუკა მღვდელაძემ, რომელიც ქუთაისის საკრებულოში “ახალ მემარჯვენებს” წარმოადგენს, განაცხადა, რომ ეს არ არის დასაქმება:

“სწავლასთან შეთავსებით მუშაობა აპრობირებული პრაქტიკაა, მაგრამ ერთთვიანი დასაქმება ხელისუფლების მხრიდან წინაასაარჩევნოდ სტუდენტობისთვის გადაგდებულ სატყუარას ჰგავს.” 

დავით გამყრელიძის აზრით, უმჯობესია ხელისუფლებამ მსგავს მოკლევადიან პროექტებში თანხის გადაყრის ნაცვლად განათლების სისტემის დაფინანსება გაზარდოს, სწავლის საფასური რომ შემცირდეს და ხარისხი გაიზარდოს:

„აუცილებელია გაიხსნას პროფესიული გადამზადების ცენტრები. კერძო კომპანიებს, რომლებიც სტუდენტებს შეთავსებით ხანგრძლივად დაასაქმებენ, საგადასახადო შეღავათები უნდა დაუწესდეთ. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, სწორედ მსგავს ნაბიჯებს გადავდგამთ სისტემის გასაუმჯობესებლად.”

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ბოლო რამდენიმე დღეა, რაც იმერეთში იმყოფება. წინა დღეებში, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივებს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით საკუთარი პროგრამა გააცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი