ახალი ამბები

როგორ ისვენებენ თბილისში ზაფხულის განმავლობაში

1 აგვისტო, 2016 • 4005
როგორ ისვენებენ თბილისში ზაფხულის განმავლობაში

ცხელი ზაფხულის განმავლობაში დასვენების რა შესაძლებლობა არსებობს თბილისის მასშტაბით? რესპონდენტები, რომლებიც ნეტგაზეთს ესაუბრნენ ამბობენ, რომ ასეთი ადგილებია საცურაო აუზები, ბუნებრივი წყალსაცავები და პარკები.

თამარ ღონღაძე ზაფხულის პერიოდში სპორტულ კომპლექს “ნეპტუნს” სტუმრობს, სადაც აუზითა და სავარჯიშო დარბაზით სარგებლობს. თამარი ამბობს, რომ დილიდან შუადღემდე აუზზე ირუჯება, ხოლო საღამოობით ვარჯიშობს, დააახლოებით ორი საათის განმავლობაში. იგი სპორტულ კომპლექსში თითქმის ყოველ დღე დადის, თუ ამინდმა ხელი შეუწყო და განსაკუთრებული საქმე თუ არ აქვს.  

“კომფორტი ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, კარგ აუზს ვირჩევ და თანხაც არის ძალიან მაღალი, 400 ლარი ღირს, არ არის დაბალი, მაგრამ ასეა ჩვენთან სამწუხაროდ”, – ამბობს თამარ ღონღაძე.

ხალხი ბანაობს ლისის ტბაზე. 01.08.2016

ხალხი ბანაობს ლისის ტბაზე. 01.08.2016

რაც შეხება რეკრეაციულ ზონებს, თამარი ამბობს, რომ ძირითადად კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებრედ, ასევე ვაკის პარკში დადის სასეირნოდ, საღამოობით.

სპორტულ კომპლექს “ნეპტუნში” ერთი თვის განმავლობაში ულიმიტოდ სარგებლობა 400 ლარი ღირს. არის სტანდარტული პაკეტი, რომელიც 6 თვის განმავლობაში მოქმედებს, ოღონდ ყოველ თვე გადასახადია 250 ლარი, ამ პაკეტით თვეში 12-ჯერ სარგებლობაა შესაძლებელი. ხოლო Prime პაკეტი, შესვლის ულიმიტო რაოდენობით, თვეში 300 ლარი ღირს.

სპორტულ კომპლექს “არენაში” ინდივიდუალური წევრობა 210 ლარი ღირს ერთი თვის განმავლობაში, ხოლო 1 წლის განმავლობაში 1800 ლარი, ლიმიტირებული დროით სარგებლობა, 7:00-დან 18:00-მდე, 165 ლარი. ამ პაკეტებში ჯაკუზით, საუნით, საცურაო აუზითა და გასარუჯი ვერანდით სარგებლობა შედის.  

ერთი დღის განმავლობაში ერთჯერადი ვიზიტი 30 ლარი ღირს, 8 ვიზიტი, რომლითაც სარგებლობა 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი 150 ლარი ღირს. ხოლო ვისაც ცურვის შესწავლა სურს, ერთსაათიანი გაკვეთილის ფასი 15 ლარია. ამ პაკეტებით საცურაო აუზით, საუნითა და გასარუჯი ვერანდით სარგებლობა შეგიძლიათ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ბარათის ღირებულება – 5 ლარი.

რაც შეეხება გლდანის საცურაო აუზს, აქ ერთჯერადი სტუმრობა 3 საათის განმავლობაში 20 ლარი ღირს, თუმცა 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით ნახევარ ფასად შეგეძლებათ საცურაო აუზით, საუნითა და სპორტული დარბაზით სარგებლობა მათ, ვინც ერთ ლარად ღირებულ ფასდაკლების კუპონს შეიძენს Hotsale.ge-ზე.

ხალხი ბანაობს ლისის ტბაზე. 01.08.2016

ხალხი ბანაობს ლისის ტბაზე. 01.08.2016

გლდანის აუზის სამთვიანი კლუბის წევრობა ღირს 720 ლარი, რომლითაც სარგებლობა ულიმიტოდ არის შესაძლებელი. ასევე, სამედიცინო შემოწმების ღირებულება 15 ლარია.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ ჯინო ფერედაისში სამი ტიპის პაკეტია: ჯოი, ჯოი საოჯახო და ჯოი საბავშვო.

ჯოი პაკეტით სარგებლობა შაბთ-კვირას – 49 ლარი, ხოლო სამუშაო დღეებში 39 ლარი ღირს, 17:00 საათის შემდეგ შაბათ-კვირას 29 ლარი, ხოლო სხვა დღეებში 17:00 საათის შემდეგ 19 ლარი.

საოჯახო პაკეტით სარგებლობა 10-22 საათამდე 2 ზრდასრულითა და ერთი ბავშვით 99 ლარი ღირს, , 2 ზრდასრულისა და 2 ბავშვის შესვლა ღირს 109 ლარი. 3 ბავშვის შემთხვევაში ფასი 129 ლარამდე გაიზრდება.

საბავშვო პაკეტით სარგებლობა შაბათ-კვირას ღირს 29 ლარი, სხვა დღეებში – 25 ლარი. შაბათ-კვირას 17:00 საათის შემდეგ – 19 ლარი, ხოლო სხვა დღეებში 17:00 შემდეგ – 15 დღეები.

ამ პაკეტებით მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ღია და დახურული აუზებით, რომლებშიც შედის ხელოვნური მდინარე, ოლიმპიური აუზი, მარილიანი და მტკნარი წყლის აუზები, საბავშვო აუზი, ჯაკუზი გემზე, ტობოგანი – ანუ მაღალი ჩამოსასრიალებელი, თბილისის ზღვის სანაპირო ზონა.

ცირა გვასალია თბილისის ერთ-ერთ საცურაო აუზზე დადის. იგი  თვეში 200 ლარს იხდის, თუმცა პირობებით კმაყოფილი არ არის. მას მიაჩნია, რომ თბილისში საცურაო აუზები ძვირია და ნაკლებად ხელმისაწვდომი.

ლისის ტბა

ლისის ტბა

“თბილისში არც ისე დიდი არჩევანია, თავისთავად არ სთავაზობს იაფ და ხარისხიან მომსახურებას. ევროპაში ფიტნესი შეიძლება ღირდეს 30-40 ევრო, მე რაც გამიგია ჩემი მეგობრებისგან, აქ არსად ასეთი იაფი არაა, არც ფიტნესი და არც აუზი”, – ამბობს ცირა.

ცირა გვასალიას თქმით, ყველაზე იაფიანი ულიმიტო პაკეტი 200 ლარიდან იწყება და 500 ლარს აღწევს.  

დამსვენებლები ვაკის პარკში. 1.08.2011

დამსვენებლები ვაკის პარკში. 1.08.2011

ცირას ასევე არ მოსწონს ის, რომ ყველა აუზზე სამედიცინო შემოწმება ღირს 5 ლარი, რაც მხოლოდ ზედაპირული შემოწმებით შემოიფარგლება და საკმარისი არ არის კანის დაავადებების დასადგენად.

ცირა პერიოდულად ლისის ტბაზე ან თბილისის ზღვაზე დადის სასეირონოდ, თუმცა არ ბუნებრივ წყალსაცავებში არ ბანაობს, რადგან დარწმუნებული არ არის წყლის სისუფთავეში.

გიორგი გეწაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მისთვის ყველაზე მისაღები ადგილი თბილისში არის ვაკის პარკი და ლისის ტბა.

“ვაკის პარკი ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ადგილია. საღამოს უფრო მეტი განათება რომ იყოს უკეთესი იქნება”, – ამბობს გიორგი გეწაძე.

თბილისის ყოფილი იპოდრომი თავშეყრის ადგილია თბილისის მაცხოვრებლებისთვის

თბილისის ყოფილი იპოდრომი თავშეყრის ადგილია თბილისის მაცხოვრებლებისთვის

მისი თქმით, ლისის ტბის მიმართ ინტერესი მას შემდეგ კიდევ უფრო გაეზარდა რაც სარბენი ბილიკი გააკეთეს. რაც არ მოსწონს ისაა, რომ ბავშვისთვის არ არის ადგილი გასართობად,

იგი ასევე სტუმრობს კუს ტბას. მას წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ლისის ტბაზე, იმ ადგილებში, რომელიც შემოსაზღვრულია და ბანაობაა შესაძლებელი. თუმცა კუს ტბაზე საცურაო ადგილი არააა. გიორგი გეწაძე ამბობს, რომ ყოველ მეორე დღეს დადის, თუ საშუალება აქვს.

ქეთევან ქიტოშვილი ამბობს, რომ ძირითადად ვაკის პარკსა და ბოტანიკურ ბაღში დადის.

“მიყვარს ისეთი ადგილები, სადაც ხალხი ნაკლებადააა. ბოტანიკურ ბაღში არის ხალხი, მაგრამ არის ბევრი ადგილი, სადაც შეიძლება განმარტოვდე და ძალიან მშვიდად იყო, სიოც კარგი უბერავს”, – ამბობს ქეთევანი.

ქეთევანის თქმით, ზაფხულობით გარეთ ბუნებაში მაქსიმუმ კვირაში ორჯერ დადის. არ მოსწონს კუს ტბა, რადგან  ფუჭდება და არც ზრუნავენ მის გაახლებაზე. მოსწონს ლისის ტბაზე სტუმრობა, თუმცა თბილისის არც ერთ ბუნებრივ წყალსაცავში არ ბანაობს, რადგან არ აკმაყოფილებს წყლის სისუფთავე.

ვაკისპარკის შადრევანი. 1.08.2016

ვაკისპარკის შადრევანი. 1.08.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი