“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ქობულეთის შს სამმართველოში მოწმის სტატუსით იკითხებიან.
თენგიზ ცეცხლაძე, ივერი გუგუნავა და ზვიად თხილაიშვილი პოლიციის წარმომადგენლებმა დღეს დაიბარეს დაკითხვაზე. მათ უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით უნდა მიეცათ ჩვენება გამომძიებელ თენგიზ გამყრელიძისთვის.
ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე თენგიზ ცეცხლაძეა შესული, რომელსაც თან ახლავს ადვოკატი.
“თავისუფალი დემოკრატების” 7 წევრს ქობულეთში კონტროლის პალატის უწყება 11 მარტს მიუვიდათ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ ახსნა-განმარტება უნდა მიეცათ პალატის წარმომადგენლებისთვის. მეორე დღესვე მათ წერილით მიმართეს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ნათია მოგელაძეს და მოითხოვეს განმარტება, თუ რა მასალების საფუძველზე იყვნენ ისინი დაბარებულნი ახსნა-განმარტების მისაცემად. წერილზე მოგელაძის პასუხი მათ არ მიუღიათ, თუმცა დღეს სამ მათგანს პოლიციის წარმომადგენლები ჯერ ტელეფონით დაუკავშირდნენ და შემდეგ ოფიციალურად გამოიძახეს შს სამმართველოში მოწმის სტატუსით ჩვენების მისაცემად.