წამების აკრძალვისა და საქმის სამართლიანი განხილვის მუხლით მოქალაქემ ევროსასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მოქალაქემ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და საქმის სამართლიანი განხილვის მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართა.  

მოქალაქე რ. პ-ს სახელით საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2016 წლის 29 ივლისს საია-მ წარადგინა.

საია წარდგენილ საჩივარში მომჩივნის მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ნაწილის (წამების აკრძალვა) და მე-6 მუხლის (1) და მე-3 (დ) პუნქტების (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევას ასაბუთებს.

საია-ს ცნობით, 2014 წლის 23 აგვისტოს რ. პ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ქურდობის ბრალდებით, რა დროსაც პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რასაც თვითმხილველი მოწმეებიც ადასტურებან და რის შედეგადაც რ. პ-მ სხეულის დაზიანებები მიიღო.

ორგანიზაციის ცნობით, მომჩივნის დაზიანებები დადასტურდა სამედიცინო დოკუმენტაციითა და ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნულ ფაქტზე 2014 წლის 5 სექტემბერს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გამოძიების დაწყებიდან დღემდე მომჩივანმა არაერთი განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა, დღემდე მისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამასთან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რ. პ-ს დღემდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

სტრასბურგში წარდგენილ საჩივარში საია დავობს, რომ პოლიციელების მხრიდან გამოყენებული ძალა იყო გადამეტებული და არაპროპორციული, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მომჩივნის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონდა. ასევე, ხელისუფლებამ არ უზრუნველყო პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიება.

რაც შეეხება საქმის სამართლიანი განხილვის მუხლს, რ.პ. ბრალდებული იყო ქურდობის ჩადენაში, რაზეც მიმდინარე სამართალწარმოებისას სააპელაციო სასამართლომ და შემდგომ, უზენაესმა სასამართლომ შეუზღუდეს მას უფლება, დაეკითხა მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა.

საია აცხადებს, რომ ორივე სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა რ.პ-ს უარი მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოილების შესახებ, რის გამოც მას შეუზღუდეს დაცვის მხარის უფლებები და ის ბრალდების მხარესთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩააგდეს, რაც შეუთავსებელია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com